ახალი  ფინანსური ინსტრუმენტი კაპიტალის ბაზარზე

ახალი ფინანსური ინსტრუმენტი კაპიტალის ბაზარზე

21 დეკემბერი, 2022

საქართველოს პარლამენტმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონი დაამტკიცა. დოკუმენტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით მომზადდა.

 

იპოთეკით დაცული ობლიგაცია (mortgage covered bond) სპეციალური კატეგორიის უზრუნველყოფილი სასესხო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ევროპაში უკვე დიდი ხანია არსებობს. იპოთეკური ობლიგაცია საკრედიტო ინსტიტუტებისათვის დაფინანსებაზე წვდომის იაფიან და სტაბილურ საშუალებად ითვლება, დეპოზიტებისა და სახსრების მოზიდვის სხვა ალტერნატიულ წყაროებთან ერთად. კანონის მიღებით, ამ ობლიგაციის გამოშვება საქართველოშიც გახდება შესაძლებელი.

 

იპოთეკური ობლიგაციების ჩარჩოზე მუშაობა ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს დაიწყო. სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ექსპერტები, აგრეთვე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა კომერციულ ბანკებთან, როგორც პოტენციურ ემიტენტებთან.

 

კანონი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და გამოცდილებას იზიარებს, მათ შორის, ევროკავშირის 2019 წლის 27 ნოემბრის შესაბამის დირექტივას. წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა მიმდინარე წლის იანვარში ახალ ჩარჩოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა: "იპოთეკური ობლიგაციების შესახებ საქართველოს ახალი კანონის პროექტი ბაზრის განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. პროექტი, ევროპის სხვა ქვეყნების კანონმდებლობის მსგავსად, ითვალისწინებს მძლავრი დაცვის მექანიზმებს ინვესტორებისთვის, მათ შორის ნორმებს უზრუნველყოფის ბაზის ხარისხის შენარჩუნების თაობაზე და უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის მოთხოვნებს, რომლებიც უფრო მაღალია, ვიდრე ზოგიერთი დამკვიდრებული იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის შემთხვევაში".

 

იპოთეკური ობლიგაციის მფლობელთა დაცვის გარანტიების შემუშავება და პროდუქტის სტრუქტურული მახასიათებლების კანონით განსაზღვრა მნიშვნელოვნად გაამყარებს ამ ფინანსური ინსტრუმენტის მიმართ პოტენციურ ინვესტორთა ნდობას. იპოთეკური ობლიგაციებით დაინტერესებული ინვესტორები შეიძლება იყვნენ როგორც თავად კომერციული ბანკები, ასევე, საინვესტიციო და საპენსიო ფონდები, რომლებიც პორტფელის დივერსიფიკაციის თუ სხვა მიზეზით გადაწყვეტენ ინვესტიციის განხორციელებას. ასევე, კომერციული ბანკები შეძლებენ, იპოთეკური ობლიგაციები ეროვნულ ბანკთან წარმოებულ მონეტარულ ოპერაციებში გირაოდ გამოიყენონ.

 

კანონი გამოქვეყნებიდან (16/12/2022) სამი თვის შემდეგ ამოქმედდება. კანონის იმპლემენტაციის მიზნით, ეროვნული ბანკი, აღნიშნულ პერიოდში, შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს გამოსცემს. სამართლებრივი აქტის პროექტები საკონსულტაციოდ და ბაზრის მონაწილეებისგან/დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით წინასწარ გამოქვეყნდება.  

სხვა სიახლეები