საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წელს უკვე მეორედ მოიპოვა გამარჯვება კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონულ კონფერენციაში და სამ ნომინაციაში ლიდერად დასახელდა
6-7 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VII რეგიონულ კონფერენციაზე - GITI 2014, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამ ნომინაციაში გაიმარჯვა - „ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ელექტრონული სერვისი", რომელიც ითვალისწინებს საბანკო სექტორში ქაღალდზე შესრულებული ოპერაციების ჩანაცვლებას „განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის" გამოყენებით შექმნილი ელექტრონული დოკუმენტით და შესაბამისად ელექტრონული დოკუმენტბრუნვით. „ყველაზე წარმატებული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება", პროექტის ფარგლებში საჯარო სექტორში პირველად ეროვნულ ბანკში დაინერგა მონაცემთა სანახის ფედერირებული ვირტუალიზატორი, რამაც სერვერულ ცენტრებს შორის გადართვის დროის ხანგრძლივობა ნულამდე შეამცირა და „ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტი", რომლის ფარგლებშიც ეროვნულ ბანკში დაინერგა საერთაშორისო ISO27001 სტანდარტის შესაბამისი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა, ხოლო უახლოეს მომავალში ეროვნული ბანკი გეგმავს აღნიშნული სტანდარტით სერტიფიცირებას, რაც იქნება საქართველოში პირველი ISO27001-ით სერტიფიცირება.
კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების კონფერენცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
კონფერენციაში, რომელშიც 30 ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებს, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებს, ასევე ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს.
ინფორმაციისთვის, 2012 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება „ყველაზე წარმატებული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება", „საუკეთესო IT მენეჯმენტი" და „წლის საუკეთესო IT".