უცხოური „სანდო ბანკებისათვის“ საქართველოს საბანკო ბაზარზე შემოსვლის
პირობები გამარტივდა
26 ივნისი, 2007
2007 წლის მაისიდან საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების მიერ მინიჭებული „სანდო ბანკის“ სტატუსის მქონე უცხოური საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებისათვის საქართველოს საბანკო ბაზარზე შემოსვლის პირობები გამარტივდა.
საქართველოს საბანკო სივრცეში საქმიანობის დაწყება შეუძლია ნებისმიერ „სანდო ბანკს“, თუ მას გააჩნია საერთაშორისო დონეზე აღიარებული სარეიტინგო კომპანიების – Fitch Ratings-ის, Moody’s-ისა და Standard & Poor’s-ის მიერ მინიჭებული რეიტინგი.
აღნიშნული სარეიტინგო კომპანიების ჩამონათვალი განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N105 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით „კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხისა და მათ მიერ მინიჭებული რეიტინგების დონეების მიხედვით სანდო ბანკის სტატუსის დადგენის თაობაზე“. დებულების თანახმად, განვითარებული ქვეყნის ბანკი უცხოური „სანდო ბანკის“ სტატუსით სარგებლობის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ: კომერციული ბანკების შეფასების რეიტინგებიდან საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის AA მაჩვენებელი, ხოლო ინდივიდუალური რეიტინგის B მაჩვენებელი; საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის Standard & Poor’s-ის მიერ მინიჭებული გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის AA მაჩვენებელი, ხოლო ბანკის ფუნდამენტური მდგრადობის რეიტინგის B მაჩვენებელი; საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის Moody’s-ის მიერ მინიჭებული გრძელვადიანი საკრედიტო/სადეპოზიტო რეიტინგის Aa მაჩვენებელი, ხოლო ბანკის ფინანსური მდგრადობის რეიტინგის B მაჩვენებელი.
დოკუმენტის მიღების მიზანია საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი საბანკო დაწესებულებებისათვის საქართველოს საბანკო ბაზარზე შემოსვლისათვის აუცილებელი პროცედურების გამარტივება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კომპეტენტურ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ჩამონათვალი მოიცავს იმ კომპანიებს, რომელთა ძირითადი საქმიანობაა ფინანსური ინსტიტუტებისთვის სხვადასხვა დონის რეიტინგის მინიჭება. ამ პარამეტრის მეშვეობით განისაზღვრება ემიტენტთა ფინანსური და ეკონომიკური მაჩვენებლების ფართო სპექტრი, მათ შორის, კრედიტუნარიანობისა და საკრედიტო რისკების დონე და მათზე გარე ნეგატიური გავლენის ალბათობა.
საქართველოს საბანკო სივრცეში საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი სანდო ბანკი – იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომლებიც მოქმედებენ კომერციული ბანკის, სადაზღვევო კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანიის, საინვესტიციო ფონდის ან ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით, რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილ ქვეყანაში.