წელიწადნახევრის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი ადმინისტრაციის მიერ დანიშნულმა კომისიამ მოძველებული, გასანადგურებლად განკუთვნილი ფულის საცავში დანაკლისი აღმოაჩინა
17 მაისი, 2007
წელიწადნახევრის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი ადმინისტრაციის მიერ დანიშნულმა კომისიამ მოძველებული, გასანადგურებლად განკუთვნილი ფულის საცავში დანაკლისი აღმოაჩინა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულმა დეპარტამენტმა ეროვნული ბანკის რამდენიმე თანამშრომელი დააკავა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი ადმინისტრაციის ერთ–ერთი პირველი გადაწყვეტილება, ეროვნული ბანკის ფულის საცავებში არსებული ფასეულობის სრულ ინვენტარიზაციას შეეხებოდა, რისთვისაც შეიქმნა სპეციალური კომისია.
ინვენტარიზაციის პროცესი საცავებში არსებული დიდი ფულადი მასის (ასობით ტონა) გამო შრომატევადი გამოდგა, ფულის დათვლის პროცესმა ნახევარი წელი გასტანა, რის შემდეგადაც კომისიის მიერ დაფიქსირდა შეუსაბამობა მოძველებული, გასანადგურებლად განკუთვნილი ფულის საცავში არსებული თანხის რაოდენობასა და საბუღალტრო ჩანაწერებს შორის. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ გრიფით „საიდუმლო“ ეცნობა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომლის მიერაც საქმე მოსაკვლევად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს.
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე, პარალელურად საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით რაიმე უზუსტობის გამოსარიცხად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოძველებული ფულის საცავში არსებული ფულის მასის, რომელიც 110 ტონაზე მეტია და სადაც აღმოჩენილი იქნა შეუსაბამობა, ხელახალი გადათვლის შესახებ. აღნიშნული პროცესი დასრულდა გასული წლის ნოემბერში, რომელმაც დაადასტურა დანაკლისი და სათანადო ინფორმაცია იმავდროულად ეცნობა სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს. 2006 წლის დეკემბერში დეპარტამენტის მოთხოვნით, საქართველოს ეროვნულ ბანკში განხორციელდა მოძველებული, გასანადგურებლად განკუთვნილი ფულის საცავთან დაკავშირებული დოკუმენტური რევიზია, რომლის შედეგებიც ასევე ეცნობა სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს.
საქართველოს ეროვნული ბანკი თანამშრომლობდა და აგრძელებს თანამშრომლობას წარსულში წარმოქმნილი დანაკლისის მიზეზების გამოსავლენად.