საქართველოში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ქმედებები ევროპის საბჭოში მოიწონეს
28 თებერვალი, 2007
22 თებერვალს სტრასბურგში ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის რჩეულ ექსპერტთა კომიტეტისა (MONEYVAL) და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) ერთობლივ სხდომაზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საქართველოს შეფასების ანგარიში დადებითად შეაფასეს.
„ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაციები დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში არსებულ ვითარებას და პოზიტიურად აფასებენ ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლების მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ, რომელიც პლენარულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
„პლენარულ სხდომაზე განისაზღვრა რეკომენდაციები საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო–ნორმატიული ბაზისა და პრაქტიკული მექანიზმებისა შემდგომი სრულყოფისა და საერთაშორისო ნორმებთან პარმონიზაციის მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც შემფასებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა, ისე სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, როგორც მთლიანად საქართველოს ხელისუფლების, ასევე კონკრეტულად საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მუშაობა,“ – აღნიშნა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.
პლენარულ სხდომაზე ასევე გამახვილდა ყურადღება აფხაზეთში ლიცენზიის გარეშე მოქმედ ე.წ. ბანკებზე, რომლებიც საერთაშორისო საზედამხედველო ნორმების დარღვევით ფუნქციონირებენ, ასევე მათთან ცალკეული რუსული ბანკების უკანონო თანამშრომლობაზე. უცხოელმა ექსპერტებმა ეს საკითხი ნეგატიურად შეაფასეს.
საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული ვითარების შეფასება განხორციელდა FATF–ის მიერ განსაზღვრული 49 რეკომედაციისა და ამავე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შედგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით.