საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი, 2005
30 მაისიდან 3 ივნისამდე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYUAL) მე-17 პლენარული სხდომა გაიმარდა, სადაც ევროკომისიის, FATF-ის (ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი), საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და მსოფლიოს 28 ქვეყნის შესაბამისი სამსახურების ექსპერტებთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეულნი.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნიკოლოზ გეგუჩაძის ინფორმაციით, პლენარულ სხდომაზე მოსმენილ იქნა სხვადასხვა ქვეყნების ანგარიშები, მათ შორის, საქართველოში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით წარმართული საქმიანობის პროგრეს-ანგარიშიც. მისი შეფასებისას ყურადღება გამახვილდა საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებულ დადებით ცვლილებებზე, დაისახა თანამშრომლობის ახალი გზები და ხაზი გაესვა სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სტრასბურგის „ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის შესახებ“ კონვენციის (რომელსაც საქართველო 2004 წლის თებერვალში მიუერთდა) ჰარმონიზებას.
ნიკოლოზ გეგუჩაძის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების პროექტი პარლამენტშია წარდგენილი და მის დამტკიცებას უახლოეს მომავალში ვარაუდობენ.