საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „ინვესტბანკში“ დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა
01 ნოემბერი, 2013
საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, სს “ინვესტბანკში“ დროებითი ადმინისტრაცია დაინიშნა. მიზეზი სს „ინვესტბანკის“ შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევები გახდა. ამის შესახებ განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.
„სს „ინვესტბანკის“ შეოწმებისას ეროვნული ბანკის შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ აღმოჩნდა სერიოზული ხარვეზები, ამიტომ დღეს მიღებულია გადაწყვეტილება სს „ინვესტბანკში“ ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაციის შეყვანის შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ სს „ინვესტბანკის“ აქციონერებთან თანამშრომლობას, და დარღვევების გამოსწორებისთანავე დროებითი ადმინისტრაცია შეწყვეტს ბანკში მუშაობას, სხვა შემთხვევაში ეროვნული ბანკი იმოქმედებს კანონით დადგენილი წესებით. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ბანკი ჩვეულებრივ რეჟიმში მოემსახურება ყველა კლიენტს და ამ კუთხით არანაირი პრობლემა და შეფერხება არ იქნება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
გიორგი ქადაგიძის განმარტებით, საქართველოს საბანკო სექტორი კვლავ ინარჩუნებს ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე სტაბილური და მზარდი სექტორის პოზიციას: „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის იმ სწორი და თანმიმდევრული საზედამხედველო პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს. იმისათვის რომ საფინანსო სფერომ შეინარჩუნოს სიჯანსაღე, აუცილებლად უნდა იყოს დაცული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რეგულაციები და ასევე საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ნორმები. ჩვენ არ დავუშვებთ არანაირ პრეცენდენტს, რამაც შეიძლება ოდნავ მაინც მიაყენოს ჩრდილი საბანკო სექტორის რეპუტაციას და ნდობას.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ეროვნული ბანკის თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება ჩვენს უპირველეს მისიას, რაც გახლავთ საბანკო სექტორის სტაბილურობაზე ზრუნვა, რაც თავისთავად გულისხმობს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისა და თითოეული მოქალაქის ფინანსურ სტაბილურობაზე ზრუნვას“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაციის სს “ინვესტბანკში“ მოქმედების ვადა 2013 წლის 30 დეკემბრამდე განისაზღვრა.