საქართველოს ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალი აუცილებლად გაიზრდება

საქართველოს ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალი აუცილებლად გაიზრდება

03 ნოემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის გაზრდას შეეხება. მთავრობის წევრები საქართველოს ეროვნული ბანკის ამ ინიციატივას მხარს არ უჭერენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, მთავრობის აზრი მოსასმენია, მაგრამ არა სავალდებულოდ გასათვალისწინებელი.   “საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის” თანახმად, შემოსავლების რეზერვებში განაწილებასა და კაპიტალის ზრდის საკითხს წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო და საქართველოს პარლამენტი, მაგრამ არა - მთავრობა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ისევე როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო, ამ გადაწყვეტილებას მხარს ერთსულოვნად უჭერს და ჩვენ მას არ შევცვლით. ამასთან, ეს საკითხი ასახულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებულ მემორანდუმში, რომელიც რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომაც მოიწონა. მთავრობამ თვითონ უნდა გაარკვიოს, როდის მიაჩნდა ეს გადაწყვეტილება არასწორად – სამი თვის წინ, თუ  - ახლა,” – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   რომან გოცირიძის განმარტებით, “მთავრობა ამ გადაწყვეტილებას იღებს მაშინ, როდესაც მას ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების საკმაო ნაწილი ვერ აუთვისებია და საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშებზე 180 მილიონი ლარი აქვს აკუმულირებული. ამდენად, ყოველწლიურად 8 მილიონი ლარის კაპიტალის ზრდაზე უარის თქმა, ბიუჯეტში დივიდენდების სახით შემოსავლების შემცირების მოტივით, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია”.   “საქართველოს ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალი აუცილებლად გაიზრდება,”  - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.
სხვა სიახლეები