საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის 2008 წლის 19 მარტს გამართული სხდომის გადაწყვეტილება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის 2008 წლის 19 მარტს გამართული სხდომის გადაწყვეტილება

19 მარტი, 2008

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2008 წლის 19 მარტის შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთის (ერთკვირიანი სადეპოზიტო სერთიფიკატების საპროცენტო განაკვეთი) უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი წლიურ 11 პროცენტს შეადგენს.

ეკონომიკური აქტივობა და კაპიტალის შემოდინების ტემპი რჩება მაღალი და სავარაუდოდ ამ სახით შენარჩუნდება მთელი წლის მანძილზე. მარტში განსაკუთრებით გაძლიერდა უცხოური კაპიტალის შემოდინება, რაც აისახა ეროვნული ბანკის გაზრდილ ინტერვენციებში.

წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა თებერვალში - 10.9 პროცენტი, ხოლო საშუალო წლიურმა ინფლაციის დონემ 9.3 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ მეტად მაღალი რჩება საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, რაც უმთავრესად გამოწვეული იყო სურსათისა და ენერგომატარებლების ფასების ზრდით. თებერვლის მდგომარეობით წლიურმა ინფლაციამ რუსეთში - 12.7, უკრაინაში - 21.9, აზერბაიჯანში - 17.1, სომხეთში - 7.4, თურქეთში - 9.1, ევროზონაში - 3.1, აშშ-ში კი 4 პროცენტი შეადგინა.

გამწვავდა საერთაშორისო ბაზრებზე, ძირითადად აშშ-ში, არსებული დაძაბულობა, რამაც განაპირობა აშშ დოლარის კურსის მკვეთრი ვარდნა სხვა ვალუტების მიმართ და გაიზარდა ფასები ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით სარეზერვო ფულის ზრდის ტემპი შემცირდა, მონეტარული აგრეგატები კვლავ მკვეთრად იზრდება ფულის მულტიპლიკატორის სწრაფი ზრდის გამო.

ბანკთაშორის ბაზარზე გაიზარდა მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები და მარტის თვეში 11 პროცენტს გადააჭარბა, რაც წინა პერიოდში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

იმ დაშვებების გათვალისწინებით, რომ წლის განმავლობაში არ მოხდება ადმინისტრირებადი ფასების ცვლილება და საერთაშორისო ბაზრებზე ძირითად სასაქონლო პროდუქტებზე ფასების ცვლილება შესაბამისობაში იქნება არსებულ პროგნოზებთან, მიმდინარე საპროცენტო განაკვეთები უზრუნველყოფს წლის ბოლოსათვის ინფლაციის 8%-ის ფარგლებში მოქცევას. ამასთან, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ ინფლაციაზე მოქმედი რისკები იგივე დარჩა.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ინფლაციის მიზნობრივ ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, მომავალშიც გაამახვილებს ყურადღებას მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო შეხვედრა 2008 წლის 16 აპრილს გაიმართება.

სხვა სიახლეები