საქართველოს ეროვნული ბანკი იძულებულია გამოეხმაუროს ბოლო პერიოდში ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით საინფორმაციო საშუალებებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, ვინაიდან მსგავსი მიზანმიმართული კამპანია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში საბანკო სექტორის განვითარებას და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და უარყოფითად მოქმედებს ზოგადად ქვეყნის იმიჯზე.
გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც სახელმწიფოებრიობის ერთ–ერთი მთავარი ატრიბუტის გაუქმება ან გაკოტრება შეუძლებელია და მსგავსი განცხადებები არასერიოზულია. უფრო მეტიც, დაგეგმილია საქართველოს ეროვნული ბანკის შემდგომი ინსტიტუციონალური გაძლიერება, რის შესახებაც საზოგადოებისათვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი მზად არის გამართოს დისკუსია პროფესიულ საკითხებზე.
კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ დაუშვებელია ეროვნული ბანკის საქმიანობის პოლიტიზირება და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ეროვნული ბანკის ავტორიტეტის ხელოვნურად შელახვა არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.