
საქართველოს ეროვნული ბანკი VISA-ს ვორქშოფს მასპინძლობს
საერთაშორისო გადახდების კომპანია VISA-მ, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული გადახდებისა და ფინანსური განათლების საკითხებზე ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი ელექტრონული საგადახდო სისტემებისა და ინსტრუმენტების მიმართ მომხმარებლის ფინანსური განათლების გაზრდა და საგადახდო სისტემისადმი ნდობის ამაღლება იყო.
"საგადახდო სისტემების განვითარებასთან ერთად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ნდობის შენარჩუნება საგადახდო სისტემების მიმართ და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც არის ქვეყანაში არსებული საგადახდო სისტემების უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. ვფიქრობთ მსგავსი შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლის ფინანსური განათლების ამაღლებაა, ხელს შეუწყობს საგადახდო ბარათების ბაზარზე არსებულ ტენდენციების გაცნობას და საბოლოო ჯამში საგადახდო სისტემების მიმართ მოსახლეობაში ნდობის ამაღლებას", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ.
"VISA-ს საჯარო პოლიტიკის სკოლის სამუშაო შეხვედრები შექმნილია იმისთვის, რომ მონაწილეებს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ელექტრონული გადახდებისა და იმ უპირატესობების შესახებ, რაც მას ქვეყნის განვითარებისთვის მოაქვს. ჩვენ გვჯერა, რომ ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში მედიის როლი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც, ეროვნული ბანკის როლი, რომელიც ეხმარება საზოგადოებას ფინანსური უნარების განვითარებაში და ზრდის მომხმარებელთა ნდობას საგადახდო სისტემების მიმართ", - განაცხადა VISA-ს საჯარო პოლიტიკის სკოლის დირექტორმა მაჯიდ ჰუჯარმა.