
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 6 პროცენტზე ტოვებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2009 წლის 24 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტს შეადგენს.
მაისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 2.2 პროცენტი შეადგინა, საშუალო წლიური ინფლაცია 6.1 პროცენტს შეადგენს. კომიტეტის წინა სხდომის შემდგომ გაიზარდა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები, თუმცა მთლიანად წლის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ ინფლაცია დაბალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება.
არსებული შეფასებებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი მოსალოდნელზე მეტად შემცირდა. შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, აგრეთვე უცხოეთიდან მიღებული კერძო მიმდინარე ტრანსფერტები, რაც წლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა.
მიუხედავად ამისა, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, საქართველოშიც გამოიკვეთა ეკონომიკური აქტივობის ქვედა ზღვრის მიღწევის გარკვეული ნიშნები. კერძოდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ადგილობრივ უძრავი ქონების ბაზარზე აღინიშნება ფასების დასტაბილურება. ასევე ბოლო პერიოდში ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებზე, განსაკუთრებით მეტალებზე გაიზარდა მსოფლიო ფასები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო შემოსავლების აღდგენას. ასევე, დასტაბილურდა ფულადი აგრეგატების მაჩვენებლები, მათ შორის აღსანიშნავია საბანკო სექტორში დეპოზიტების გარკვეული მატება.
ბოლო ერთი თვეა, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს ახორციელებს მხოლოდ სავალუტო აუქციონების მეშვეობით, ხოლო ოფიციალური გაცვლითი კურსი განისაზღვრება ბანკთაშორის ბაზარზე განხორციელებული გარიგებების საფუძველზე. ეროვნული ბანკი მინიმალურად ერევა სავალუტო ბაზრის ფუნქციონირებაში. აღნიშნულმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო ბანკთაშორის სავალუტო ბაზრის განვითარებას, სადაც ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ბრუნვა. სავალუტო ბაზრის განვითარება კი, თავის მხრივ, ბაზრის სტაბილურობას და ეფექტიანობას განაპირობებს.
წარმატებით ამოქმედდა ასევე სავალუტო სვოპის მექანიზმი, რაც გაზრდის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ეროვნული ვალუტით სესხების ხელმისაწვდომობას და შეამცირებს დოლარიზაციას.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2009 წლის 22 ივლისს გაიმართება.