საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 5 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 5 პროცენტამდე ამცირებს

25 ნოემბერი, 2009

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2009 წლის 25 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ერთი პროცენტული პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5 პროცენტს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების შესაბამისად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, 2010–2012 წლებისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6%–ს შეადგენს.

ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 3.2 პროცენტი შეადგინა, საშუალო წლიური ინფლაცია 2.2 პროცენტს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის წინა სხდომის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა მთლიანი შიდა პროდუქტისა და ფასების მოსალოდნელი ზრდის ტემპები. არსებული პროგნოზებით, ინფლაცია წლის ბოლოს 3-4 პროცენტის, ხოლო მომავალ წელს 6 პროცენტის ფარგლებში იქნება.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საბანკო სისტემაში შეინიშნება დეპოზიტების ზრდის ტენდენცია. მოსალოდნელია, რომ საბანკო დეპოზიტების ზრდის არსებული ტემპი წლის ბოლომდე შენარჩუნდება. დეპოზიტების ზრდის შედეგად ნოემბერში როგორც M2 ასევე M3 ფულადი აგრეგატების წლიური ზრდის ტემპი დადებითია.

საბანკო სისტემაში კვლავ მაღალია ჭარბი ლიკვიდობა, რის გამოც შემცირებულია მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობა. ბოლო პერიოდში მკვეთრად შემცირდა ფულად ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები. გადაცემის მექანიზმის მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა ერთი მხრივ შეამცირა მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი, ხოლო მეორე მხრივ გაააქტიურა სადეპოზიტო სერთიფიკატებით ჭარბი ლიკვიდობის ამოღების ოპერაციები. ამასთან, სადეპოზიტო სერთიფიკატები წარმოადგენენ ურისკო აქტივებს, რაც ხელს უწყობს კომერციულ ბანკებს დაკრედიტების გაზრდაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2009 წლის 23 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სიახლეები