საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 6 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 6 პროცენტამდე ამცირებს

23 მაისი, 2012

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2012 წლის 23 მაისს, მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტს შეადგენს.

არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ ივნისიდან წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს ზომიერ ზრდას, თუმცა მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება როგორც ამ წლის განმავლობაში, ისე მომავალი წლის დასაწყისშიც. აპრილში წლიურმა ინფლაციამ -2.2 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელი უმთავრესად საბაზო ეფექტით არის განპირობებული.

ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორები ზომიერ ზრდაზე მიუთითებს და ეკონომიკური გადახურებისა და მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის რისკებს არ წარმოშობს.

სავალუტო ბაზარზე ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ბოლო პერიოდში გამყარდა, რამაც აპრილში ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად რეალური გაცვლითი კურსის გამყარებაც განაპირობა. გაცვლითი კურსის გამყარება უკავშირდება ტურიზმისა და ინვესტიციების გზით ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას, რაზეც ბანკებში ნაღდი უცხოური ვალუტის შედინების ზრდაც მიუთითებს. იზრდება ასევე ფულადი გზავნილები უცხოეთიდან, თუმცა ბოლო თვეებში შემცირებულია მისი ზრდის ტემპი. აღსანიშნავია, რომ უცხოური ვალუტის შემოდინების ზრდა სრულად არ აისახება ეკონომიკის ზრდაზე, ვინაიდან ფულადი ნაკადების შემოდინებას თან ახლავს იმპორტის ფარდობითი ზრდაც.

იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში ჩამორჩება მიზნობრივ დონეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწვეტილებებს.

მონეტარული პოლიტიკის შემდეგი სხდომა 2012 წლის 20 ივნისს გაიმართება.

სხვა სიახლეები