საქართველოს ეროვნული ბანკი კანონმდებლობაში რადიკალურ ცვლილებას ამზადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კანონმდებლობაში რადიკალურ ცვლილებას ამზადებს

04 ნოემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო კანონმდებლობის ლიბერალიზაციის მიზნით, ამზადებს ცვლილებას. საუბარია იმ შეზღუდვების შერბილებაზე, რომლის საფუძველზეც კომერციული ბანკების აქციონერებს არ აქვთ უფლება, ფლობდნენ ხმის უფლების მქონე აქციების 25%-ზე მეტს. ხშირ შემთხვევაში, საქართველოს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის ეს მოთხოვნა ირღვევა. აღინიშნება შემთხვევები, როდესაც კომერციული ბანკების მფლობელები ამოფარებულნი არიან ოფშორულ კომპანიებს, რომელთა მეშვეობითაც მონაწილეობენ ბანკის მართვაში იმ წილზე უფრო მეტი ოდენობით, ვიდრე ამის უფლებას კანონი აძლევს.   საქართველოს ეროვნული ბანკი აპირებს ზემოაღნიშნული ზღვრული ნორმის შეცვლას შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის გზით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მოსალოდნელი ცვლილება კომერციული ბანკის აქციების 100%-ის ფლობის უფლებას ერთი პირისათვის არ ითვალისწინებს, ცვლილებები და მისი შედეგები რადიკალურად მიიჩნევა.   „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომერციული ბანკის არც ერთ აქციონერს ან ერთობლივად მოქმედ აქციონერთა ჯგუფს არ აქვს უფლება, ფლობდეს ან/და განკარგავდეს წილის იმ ოდენობას, რომელიც აღემატება კომერციული ბანკის გაცხადებული თუ განაღდებული საწესდებო კაპიტალის ხმის უფლების მქონე აქციების 25%-ს. ეროვნული ბანკი გამონაკლისს უშვებს მხოლოდ იმ მფლობელის შემთხვევაში, თუკი მას საბანკო ლიცენზია აქვს. ხმის უფლების გარეშე აქციების ფლობა არასაბანკო პირებისათვის შეზღუდული არ არის.
სხვა სიახლეები