საქართველოს ეროვნულ ბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის USAID-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
08 დეკემბერი, 2005
საქართველოს ეროვნულ ბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ოთხწლიან პროექტს, რომელსაც USAID-ის (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ხელშეწყობით საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი განახორციელებს, მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის დახმარების გაწევას ითვალისწინებს.
პრეზენტაციას მთავრობის, პარლამენტის, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ჩვენი სურვილია, დახმარება გავუწიოთ საქართველოს, გავაძლიეროთ ადგილობრივი ბიზნესი და ხელი შევუწყოთ მისი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებას. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ კერძო სექტორის განვითარებას საქართველოში, რითაც შესაძლებელი იქნება საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკის გაძლიერება“, – აღნიშნა პრეზენტაციაზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის რეგიონის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ რობერტ უილსონმა.
თავის მისალმებაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ ინაიშვილმა „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის“ განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „იმედს გამოვთქვამ, რომ ბიზნესწარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროექტში, რათა დასახაული მიზნები იყოს განხორციელებადი და ეფექტური“, – განაცხადა მან.
პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ღლონტი მიესალმა. მისი თქმით, „ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია განვითარებული მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი. ახალი პროექტი მიზნად ისახავს, ხელმისაწვდომი გახადოს საშუალო და გრძელვადიანი სესხები“.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი გეგმავს კერძო სექტორსა და მთავრობას შორის დიალოგის გამართვის ხელშეწყობას, რათა ქვეყანაში გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო და ორივე მხარემ ერთიანი ძალისხმევით გადაჭრას ის პრობლემები, რაც ამჟამად ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას. პროექტის საქმიანობა, თბილისის გარდა, გავრცელდება თელავში, მარნეულში, ახალციხეში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.
პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ბიზნესის მხარდაჭერის დამოუკიდებელი ორგანიზაციების განვითარება თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც საჭირო მომსახურებას გაუწევენ ამ სექტორს, ბიზნესასოციაციების დახმარება თვითსერთიფიცირების საკითხში და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ქართულ ბიზნესში, ასევე მეწარმეთათვის აუცილებელი კვალიფიკაციის გაუმჯობესება ახალგაზრდებსა და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებში.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ბანკების ასოციაცია და საბანკო-საფინანსო აკადემია.
საქართველოს ეროვნული ბანკი სემინარის – „მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხების გაცემის შესახებ“ გასამართავად კვლავ უმასპინძლებს პროექტის ორგანიზატორებს 8 და 9 დეკემბერს. სემინარს ჩაატარებენ გამოცდილი ბანკირები საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსიდან ბილ კემპბელი და უილიამ ეიმენი.
საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1964 წელს დევიდ როკფელერის მიერ. მის მიზანს მთელ მსოფლიოში ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა. თავისი დაარსებიდან დღემდე საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსმა 24000 ტექნიკური და საკონსულტაციო პროექტი განახორციელა 120-ზე მეტ ქვეყანაში.