საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა პრეზენტაცია ინფორმაციის დაცვისა და ხარისხის მართვის სისტემების ინტეგრაციის შესახებ

საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა პრეზენტაცია ინფორმაციის დაცვისა და ხარისხის მართვის სისტემების ინტეგრაციის შესახებ

10 აპრილი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკში გაიმართა პრეზენტაცია ინფორმაციის დაცვისა და ხარისხის მართვის სისტემების ინტეგრაციის შესახებ.   პრეზენტაციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ბანკების ასოციაცია და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი ,,Quadra International“.   ინფორმაციის დაცვისა და ხარისხის მართვის ინტეგრირებული სისტემები ორგანიზაციაში კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის გარანტიას წარმოადგენს.   აღნიშნული მართვის სისტემების დანერგვა საბანკო სექტორისათვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბანკები ფლობენ საიდუმლო და პირადი სახის ინფორმაციას. ამგვარი ინტეგრირებული სისტემების მოდელის არსებობა ხელს შეუწყობს საზოგადოების მხრიდან საბანკო ინსტიტუტებისადმი ნდობის გაზრდას და  ბანკების უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობას გაცილებით მიმზიდველს გახდის.   ინფორმაციის დაცვისა და ხარისხის მართვის ინტეგრირებული სისტემების დანერგვის შედეგად ორგანიზაცია კონკურენტუნარიანობას შეინარჩუნებს, მისი პროდუქტიულობის ხარისხი გაიზრდება, ხოლო იმიჯი გაუმჯობესდება. გარდა ამისა, კომპანიის მომხმარებლები ხარჯებს შეამცირებენ, შემოსავლებს გაზრდიან, მას საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე აღიარებენ, ხოლო მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზრდება.   ISO-ის (International Organization for Standartization) სისტემები სხვადასხვა საკონსულტაციო ჯგუფების ხელშეწყობით 152 ქვეყნის 634 000 ორგანიზაციაშია დანერგილი. ,,Quadra International“-ი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფია, რომელმაც ხარისხის მართვის სისტემების და სხვა მოდელების დანერგვის კუთხით 1000-ზე მეტ ორგანიზაციას გაუწია დახმარება.
სხვა სიახლეები