საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოჭრილი სამახსოვრო მონეტის პრეზენტაცია

საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოჭრილი სამახსოვრო მონეტის პრეზენტაცია

13 ივლისი, 2006
13 ივლისს საქართველოს ეროვნულ ბანკში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოჭრილი სამახსოვრო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა.   საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებისადმი მიძღვნილი ვერცხლისა და ასევე სპილენძის, ნიკელისა და თუთიის შენადნობის სამახსოვრო მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში (Mennica Polska) მოიჭრა.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განცხადებით, „დღეს ოფიციალურად დასრულდა სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკული მეგაპროექტის – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა. იგი უნიკალურია და საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ პროექტით საქართველო, სტრატეგიული და ეკონომიკური თვალსაზრისით, მსოფლიოს წამყვანი ენერგოსახელმწიფოების სრულფასოვანი პარტნიორი ხდება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისადმი მიძღვნილი მონეტის მოჭრა დღევანდელი ისტორიული თარიღისა და თავად პროექტში საქართველოს როლის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს“.   ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებისადმი მიძღვნილი სამახსოვრო მონეტა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ეროვნული ბანკის ფილიალებში გაიყიდება. ვერცხლის მონეტის ღირებულება 46 ლარია, სპილენძის, ნიკელისა და თუთიის შენადნობისა – 5 ლარი.    ავერსი: მონეტის წრიული კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია რეგიონის გეოგრაფიული რუკა. ზღვა – სარკისებური ზედაპირით; ხმელეთი – კონტინენტი – ფაქტურული ზედაპირით; საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის ტერიტორიები – მქრქალი ზედაპირით. მათი ტერიტორიები გამოყოფილია საზღვრებით.    ქალაქები: ბაქო, თბილისი და ჯეიჰანი გამოსახულია რელიეფური წრეებით. მონეტაზე ნავთობსადენის მარშრუტი დატანილია ამობურცული რელიეფით. კომპოზიციის ზედა ნაწილში რელიეფურად გამოსახულია ორენოვანი წარწერა: წრიულად – „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ (ქართულად) და „Baku-Tbilisi-Ceyhan“ (ინგლისურად); მათი შეერთების წერტილები აღნიშნულია ორი მცირე წრით. კომპოზიციის ქვედა ნაწილში რელიეფურად გამოსახულია ნომინალი „3“ და ორენოვანი წარწერა: „ლარი“ (ქართულად) და „Lari“ (ინგლისურად);   რევერსი: მონეტის წრიული კომპოზიციის ცენტრში რელიეფურად გამოსახულია სამი ნავთობჭაბურღილი, რომლებიც მდებარეობს კასპიის ზღვის ზედაპირზე გამავალ პლატფორმაზე. ზღვა გამოსახულია სიმბოლურად – კლაკნილი ხაზებით. ფონზე ორი განსხვავებული ზედაპირის (სარკისებური და ფაქტურული) საშუალებით გამოსახულია ამომავალი მზის კომპოზიცია. ფაქტურულ ზედაპირზე ამოტვიფრულია მონეტის მოჭრის თარიღის აღმნიშვნელი წარწერა – „2006“.   კომპოზიციის ზედა ნაწილში რელიეფურად გამოსახულია ორენოვანი წარწერა: წრიულად „საქართველოს ეროვნული ბანკი“ (ქართულად) და „National Bank of Georgia“ (ინგლისურად); მათი შეერთების წერტილი აღნიშნულია მცირე წრით. კომპოზიციის ქვედა ნაწილში რელიეფურად გამოსახულია პროექტის აბრევიატურა „BTC“ (ინგლისურად) და ფრთის სიმბოლური ორნამენტი.   მონეტის ესკიზის ავტორია მამუკა გონგაძე.
სხვა სიახლეები