
საქართველო მსოფლიო დაზოგვის დღეს აღნიშნავს
„საქართველოს ეროვნული ბანკი უერთდება მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნას, რომლის გამართვა ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა და არის იმის შეხსენება, რომ ყველა ჩვენთაგანმა კარგად უნდა ვისწავლოთ საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების სწორად განაწილება. დიახ ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ დაზოგვის კულტურისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ ჩვენს მომავალ თაობას, რაც შედეგს უსათუოდ გამოიღებს, რაც უმნიშვნელოვანესია ფინასური განთლებისათვის და გამორიცხავს შემდგომში ამ მიმართულებით პრობლემებს. სიმბოლურია რომ დღევანდელი ჩვენი ღონისძიების მთავარი გმირები ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები არიან. მათ დაზოგვის კულტურის თემაზე ნამუშევრები შექმნეს და საზოგადოებას წარუდგინეს. ჩვენგან კი მათ საკასო ცენტრის დათვალიერება და სამახსოვრო საჩუქრები დაიმსახურეს. და ბოლოს, გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების მიმართულებით მომავალში საინტერესო პროექტების განხორციელებას გეგმავს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.
წელს დაზოგვის დღე განსხვავებულად აღინიშნება. სოციალურ მედიაში ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა ყულაბების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც 14 წლამდე ბავშვები აგზავნიდნენ ნახატს სახელწოდებით ,,ოცნების ყულაბას“ და ასახელებდნენ დაზოგვის მიზანს. 139 მონაწილედან გამოვლინდა 11 გამარჯვებული, რომლებსაც ეროვნულმა ბანკმა საკასო ცენტრში ექსკურსიაზე უმასპინძლა, ხოლო კომერციულმა ბანკებმა საბავშვო ანაბარი გაუხსნეს, რათა ბავშვებმა განაგრძონ თანხის დაგროვება საკუთარი მიზნებისთვის. გამარჯვებულებს ასევე გადაეცათ სხვადასხვა პრიზები და დაუმზადდათ დახატული ოცნების ყულაბები.
მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს და მას 1925 წლიდან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. დაახლოებით 90 წელია გერმანული შემნახველი ბანკები (ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში) აღნიშნავენ და ორგანიზებას უკეთებენ მსოფლიო დაზოგვის დღეს. მსოფლიო დაზოგვის დღე, ან მსოფლიო მომჭირნეობის დღე, როგორც მას ადრე უწოდებდნენ, დაარსდა მსოფლიო შემნახველი ბანკების ინსტიტუტის (WSBI) მიერ და ხალხს აწვდიდა სახლში დაგროვებული ფულის ბანკში შენახვის იდეას. 1925 წლიდან მოყოლებული დაზოგვის დღე ბევრ ქვეყანაში იქცა ყოველწლიურ ტრადიციად და დანაზოგების წახალისების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.