
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად შეაფასა
საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელსაც ხელმძღვანელობს სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დევიდ ოუენი. მან 29 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ბანკში საქართველოში სსფ-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ანა ლუსია კოლონელი წარადგინა და ვიზიტის მსვლელობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. სსფ-ის მისიის ახალმა მუდმივა წარმომადგენელმა საქართველოში ანა ლუსია კოლონელი წარმოშობით ეკვადორიდანაა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში დაახლოებით 9 წელიწადია მუშაობს.
დევიდ ოუენის განცხადებით, მისიის მთავარი მიზანია საქართველოს განვლილი ეკონომიკური განვითარების შეფასება, არსებული მდგომარეობის და ძირითადი გამოწვევების განხილვა. მისი შეფასებით ძირითადი გამოწვევა ინფლაციის გაკონტროლებაა ისე, რომ მან არ შეანელოს ეკონომიკური ზრდა. დევიდ ოუენმა აღნიშნა, რომ ანალოგიური გამოწვევა ამჟამად მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს აქვთ, რადგან ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე ფასები ბოლო პერიოდში ძალიან სწრაფად იზრდება. ასევე მნიშვნელოვანია ფაქტორია მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე არსებული კრიზისული სიტუაცია.
„ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ ძლიერი მონეტარული პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ატარებს. მათ შორის, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით, რომელიც გამიზნულია ინფლაციის შემცირებისთვის", - განაცხადა დევიდ ოუენმა პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ასევე კომენტარი გააკეთა სამთავრობო საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც საფინანსო სექტორის რეფორმირებას შეეხება. დევით ოუენმა აღნიშნა, რომ იგი, მთლიანობაში, იწონებს აღნიშნულ კანონთა პაკეტს, რადგანაც „იგი საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ზრდას ითვალისწინებს და დაგეგმილია დამოუკიდებელი ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბება. ეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები ხელს შეუწყობენ ინფლაციის ეფექტურად გაკონტროლებას." სსფ-ის მისიის ხელმძღვანელიოს აზრით, ნორმალურია, როდესაც ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი დამოუკიდებლობა განახორციელოს მონეტარული პოლიტიკა. მას ასევე უნდა ჰქონდეს ანგარიშგება და პასუხისმგებლობა მიღებულ შედეგებზე.
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობის შესახებ დადებითი პროგნოზი გააკეთა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, სახეზეა „მნიშვნელოვანი რისკები, რომლებიც მოდის გლობალური ფინანსური დისბალანსიდან და ამ საკითხების განხილვა საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს იგეგმება."
დევიდ ოუენმა გონივრული უწოდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ამ ეტაპზე არ განიხილოს სსფ-სთან თანამშრომლობის ახალი პროგრამა. სსფ-ის მისია ე.წ. დაკვირვების რეჟიმში იმუშავებს და სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ ჩამოვა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად. მისი თქმით, ამ მოკლევადიანი ვიზიტების დროს მისია უფრო მრჩევლის როლში იქნება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა პრესისათვის კომენტარი გააკეთა. „ვინაიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს აღარა აქვს პროგრამა, ფონდის მისია ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ მიმოიხილოს განვლილი პერიოდის ეკონომიკური პროცესები საქართველოში და ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის წინაშე დგას და, აგრეთვე, ეროვნული ბანკის მიერ გასატარებელი მონეტარული პოლიტიკა," - აღნიშნა მან.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, განხილულ იქნა ის ძირთადი პროგნოზები და დაშვებები, რომლითაც ეროვნული ბანკი იხელმძღვანელებს მიმდინარე წელს მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას. ამ დაშვებებში, საქართველოს მონეტარულ ხელისუფლებას და სსფ-ეს განსხვავებები არა აქვს. უფრო დეტალურად კონკრეტულ ციფრებზე საუბარი მომავალ კვირაში გაიმართება.
დავით ამაღლობელმა აღნიშნა, რომ „შეხვედრის დროს განხილულ იქნა ეროვნული ბანკის გეგმები ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკაში ასეთ ცვლილებებს სავალუტო ფონდი მიესალმება და მთლიანად მხარს უჭერს. ასვე ფონდი მთლიანად ემხრობა იმას, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონდეს უფრო მეტი დამოუკიდებლობა თავის პოლიტიკის განხორციელებისას და აგრეთვე იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა გაზარდოს საკუთარი საჯარო ანგარიშვალდებულების ხარისხი."
ფონდის მისია პრესისასთვის შემაჯამებელი ბრიფინგის მოწყობას 7 მარტს გეგმავს.
საკონტაქტო პირი:
გიორგი კალანდაძე,
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
ტელ.:(995 32) 442 488
ელ. ფოსტა: prd@nbg.gov.ge