რუსეთში სკანდალურად ცნობილი „ვიპ–ბანკის“  ფულადი გზავნილების სისტემა VIP Money Transfer–ი სახელშეცვლილი  („ლიდერი“) ფუნქციონირებს

რუსეთში სკანდალურად ცნობილი „ვიპ–ბანკის“ ფულადი გზავნილების სისტემა VIP Money Transfer–ი სახელშეცვლილი („ლიდერი“) ფუნქციონირებს

13 მარტი, 2007
აფხაზეთის ე.წ. საბანკო დაწესებულებებთან თანამშრომლობაში შემჩნეული, ამჟამად გაკოტრების რეჟიმში მყოფი რუსული „ვიპ–ბანკი“–ს (ВИП-Банк) კუთვნილი საანგარიშსწორებო და ფულადი გზავნილების სისტემა VIP Money Transfer–ი საქმიანობას ახალი სახელით – „ლიდერით“ (ЛИДЕР) განაგრძობს. „ვიპ–ბანკმა“ VIP Money Transfer-ი 2006 წლის ივნისში რუსულ „ინკრედიტბანკს“ (ИНКРЕДИТБанк) მიყიდა. გარიგება, რომელიც 8 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, სწორედ მაშინ შედგა, როდესაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა „ვიპ–ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია  ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის დარღვევისთვის ჩამოართვა.   „ვიპ–ბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელი ალექსეი ფრენკელი რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილის ანდრეი კოზლოვის მკვლელობის ორგანიზებისათვისაა დაკავებული. რუსული სააგენტოს „პრაიმ–ტასის“ (ПРАЙМ-ТАСС) ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული საქმის ძიების პროცესში მოექცა რუსეთის სამართალდამცველთა ყურადღების ქვეშ „ინკრედიტბანკი“, როგორც „ვიპ–ბანკთან“ საქმიანი გარიგების მონაწილე და VIP Money Transfer–ის (ამჟამად „ლიდერის“) ახალი მფლობელი.   საანგარიშსწორებო და ფულადი გზავნილების სისტემა VIP Money Transfer–იმოქმედებდა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და მისი მომსახურების არეალში ჩართული იყო აფხაზეთის ე.წ. საბანკო დაწესებულებები. VIP Money Transfer–ის მეშვეობით, აფხაზეთში  „შავი“ ფულის გათეთრება ხორციელდებოდა.   ასევე ცნობილია, რომ VIP Money Transfer–ის გარდა, აფხაზეთის ე.წ. ბანკები სარგებლობენ რუსეთის ბანკების საკრედიტო და საანგარიშსწორებო მომსახურებით და ჩართულნი არიან ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემებში: „Contact“–სა (ორგანიზატორი – АКБ (Акционерный Коммерческий Банк) «Русславбанк») და სრულიად რუსეთის ბანკთაშორის საგადამხდელო სისტემაში „Золотая Корона“–ში (სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ერთიანი საანგარიშსწორებო ცენტრი – Расчетная небанковская кредитная организация (РНКО) „Платежный Центр“).   2007 წლის აპრილში ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფი (FATF) რუსეთის საბანკო სისტემას შეამოწმებს. საქართველოს ეროვნული ბანკი ამზადებს მასალებს FATF–ისთვის გადასაცემად, რათა რუსეთის ბანკების მიერ აფხაზეთის ე.წ. საბანკო დაწესებულებებთან უკანონო თანამშრომლობის საკითხი FATF–ის მიერ რუსეთის საბანკო სისტემის შემოწმების პროგრამის დღის წესრიგში იქნეს შეტანილი.  
სხვა სიახლეები