
პლასტიკური ბარათების ბაზრის განვითარების ტენდენციები
მიმდინარე წლის აგვისტოში, ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ფინანსური შუამავლობის აქტიურობის შეფერხებამ გავლენა იქონია პლასტიკური ბარათების ბაზრის განვითარების ტენდენციებზეც. თუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული და მიმოქცევაში არსებული საბანკო პლასტიკური ბარათების რაოდენობა საშუალოდ თვეში 5.7 პროცენტით იზრდებოდა, აგვისტოში მათი რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირდა და მიმდინარე წლის 1 სექტემბრისათვის 3.1 მლნ ბარათი შეადგინა (1.8-ჯერ მეტი 2007 წლის ანალოგიური თარიღისათვის არსებულ მაჩვენებელზე). აქედან 85.9 პროცენტი სადებეტო ბარათებზე მოდის, ნაცვლად 95.6 პროცენტისა, შესაბამისად. ეს საკრედიტო ბარათებზე მოთხოვნის სწრაფი ზრდის შედეგია. თუ ბოლო ერთ წელიწადში მიმოქცევაში არსებული სადებეტო ბარათების რაოდენობის ზრდამ 64.9 პროცენტი შეადგინა, საკრედიტო ბარათების რაოდენობა იმავე პერიოდში 5.9-ჯერ გაიზარდა. თუმცა, ზემოაღნიშნული მოვლენების გამო, ემიტირებული და მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა მიმდინარე წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით მხოლოდ 2.7 პროცენტით გაიზარდა, ნაცვლად 21.0 პროცენტით საშუალოთვიური ზრდისა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ხოლო სადებეტო ბარათების რაოდენობა აგვისტოში შემცირდა 0.6 პროცენტით, ნაცვლად 4.6 პროცენტისა, შესაბამისად.
მიმოქცევაში არსებული ბარათების 78.9 პროცენტს VISA ბარათი შეადგენს; მას მოსდევს EURO CARD/MASTER CARD-ი 13.8 პროცენტით, ხოლო დანარჩენი 7.3 პროცენტი ადგილობრივი ბარათების წილად მოდის. აღსანიშნავია, რომ VISA ბარათების ხვედრითი წილი მიმოქცევაში არსებული ბარათების მთლიან რაოდენობაში, ბოლო ერთ წელიწადში, 8.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
მიმდინარე წლის აგვისტოში შემცირდა პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობაც. რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით მიმდინარე წლის აგვისტოში 2.1 მლნ ოპერაცია განხორციელდა (ნაცვლად ივლისში განხორციელებული 2.8 მლნ ოპერაციისა), რომელთა საერთო მოცულობა წინა თვესთან შედარებით 22.8 პროცენტით შემცირდა და 317.5 მლნ ლარი შეადგინა. ოპერაციების საერთო მოცულობიდან 300.5 მლნ ლარი (94.7 პროცენტი) რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით ქვეყნის შიგნით (მათ შორის ინტერნეტით) განხორციელებულ ოპერაციებზე მოდის (22.9 პროცენტით ნაკლები მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით), ხოლო 16.9 მლნ ლარი (5.3 პროცენტი) კი ამავე ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებულ ოპერაციებზე (20.9 პროცენტით ნაკლები, შესაბამისად).
საანგარიშო თვის განმავლობაში კომერციული ბანკების კუთვნილი ბანკომატებით და პოს-ტერმინალებით 720.9 ათასი ოპერაცია განხორციელდა (ნაცვლად ივლისში განხორციელებული 1000.4 ათასი ოპერაციისა). ოპერაციების საერთო მოცულობამ კი 161.9 მლნ ლარი შეადგინა (ნაცვლად 216.7 მლნ ლარისა, შესაბამისად). ამ უკანასკნელიდან 144.4 მლნ ლარი (89.2 პროცენტი) განხორციელდა რეზიდენტი ბანკების მიერ ემიტირებული ბარათებით (24.1 პროცენტით ნაკლებია მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით), ხოლო 17.5 მლნ ლარი (10.8 პროცენტი) კი არარეზიდენტი ბანკების მიერ ემიტირებული ბარათებით (34.1 პროცენტით ნაკლები, შესაბამისად).
მიუხედავად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებისა, მიმდინარე წლის აგვისტოში გრძელდებოდა პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება. წლის დასაწყისთან შედარებით ბანკომატების რიცხვი 41.1 პროცენტით, ხოლო პოს-ტერმინალების რიცხვი 41.3 პროცენტით გაიზარდა და, შესაბამისად, 1219 და 7425 ერთეული შეადგინა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.