
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2026 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საბანკო სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს. მიმდინარე წლის ოქტომბერში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.7% შეადგინა, რაც მეტწილად ბიზნეს სესხების ზრდით იყო განპირობებული. სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა კვლავ გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება. აღნიშნული ფარდობის გაპის ხანგრძლივად უარყოფით დონეზე შენარჩუნება, მნიშვნელოვანწილად, 2026 წლის პირველ სამ კვარტალში დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური აქტივობისა და ბოლო პერიოდში ნომინალური მშპ-ის მატების ასახვაა. კომიტეტის შეფასებით, მდგრადი საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის ნორმალიზების ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობა ეტაპობრივად დაუახლოვდება გრძელვადიან დონეს. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას.

წყარო: სებ; საქსტატი
*ნომინალური მშპ-ის ზრდა ბოლო 4 კვარტლის მშპ-ის წლიურ ზრდას ასახავს.
**სესხები მოიცავს ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გაცემულ სესხებსა და, ასევე, არაფინანსური კომპანიების მიერ ადგილობრივად გამოშვებულ ობლიგაციებს.
*** სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი წარმოადგენს სხვაობას სესხების მშპ-თან ფარდობასა და მის გრძელვადიან ტრენდს შორის. ტრენდის შესაფასებლად, ბაზელის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოყენებულია HP ფილტრი.
ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას. ეროვნული ბანკის მიერ თანმიმდევრულად გატარებული პოლიტიკის შედეგად ფინანსური დოლარიზაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკები კვლავ ფინანსური სექტორის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, ფინანსურ სექტორთან კოორდინაციითა და არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის თანმიმდევრულ განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 1 000 000-დან 1 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2027 წლის 1 თებერვლიდან შევა.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2027 წლის 24 თებერვალს გაიმართება.