
ნათია თურნავა Visa-ს უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა Visa-ს უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და ჯგუფის რეგიონულ მენეჯერს უკრაინაში, მოლდოვაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში სერგი მარტინჩუკს, ასევე, Visa-ს კავკასიისა და მოლდოვის რეგიონულ მენეჯერს დიანა კიღურაძეს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საგადახდო სისტემის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, ფინანსური განათლების საკითხები და საქართველოს ეროვნულ ბანკსა და Visa-ს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ნათია თურნავამ სებ-ის გადახდის მომსახურებების საკომისიოებისა და კომერციული ბანკების სადეპოზიტო პროდუქტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმის შექმნის პროცესში Visa-ს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ეროვნული ბანკის ინიციატივით შექმნილი ახალი პლატფორმა, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა გადახდის მომსახურების პროვაიდერის საკომისიოები და კომერციული ბანკების სადეპოზიტო პროდუქტების საპროცენტო განაკვეთები, რაც მათ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს „თბილისის ფინანსური სამიტის“ შესახებ, რომელიც წელს თბილისში მეორედ 27-28 ოქტომბერს გაიმართება. Visa გასული წლის მსგავსად, წელსაც სამიტის აქტიური მხარდამჭერია.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები, რომლებიც ქვეყანაში ინოვაციური საგადახდო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მომხმარებლებს თანამედროვე, უსაფრთხო და ინოვაციური საგადახდო მომსახურებები შესთავაზონ.
Visa საქართველოში 25 წელზე მეტია ოპერირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, Visa-ს აქტიური ბარათების რაოდენობამ 1.9 მილიონს გადააჭარბა.
28 ივლისი, 2026
ფოტოგალერეა
5