ნათია თურნავა: კაპიტალის ბაზრისთვის წლევანდელი წელი განსაკუთრებით წარმატებულია - წელს გამოშვებულმა კორპორატიული ობლიგაციების ჯამურმა მოცულობამ 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა

ნათია თურნავა: კაპიტალის ბაზრისთვის წლევანდელი წელი განსაკუთრებით წარმატებულია - წელს გამოშვებულმა კორპორატიული ობლიგაციების ჯამურმა მოცულობამ 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა

17 დეკემბერი, 2025

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ 200 მილიონი ლარის ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, რომელიც კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიმართა.


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერსის“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „რიკო ექსპრესმა“ 200 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. ემისიის მიზანს 2023 წელს გამოშვებული 130 მილიონი ლარის ობლიგაციების რეფინანსირება და კომპანიის სასესხო პორტფელის ზრდა წარმოადგენს.

აღნიშნული ემისია ლარში დენომინირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განთავსებაა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და განხორციელდა კომერციული ბანკებისგან სრულად დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტის - „ფორსაითის“ მხარდაჭერით.

ღონისძიებაზე ნათია თურნავამ კორპორაციული ობლიგაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კაპიტალის ბაზარი სულ უფრო მნიშვნელოვან ალტერნატიულ ფინანსურ წყაროდ ყალიბდება.

„კორპორატიული ობლიგაციების გამოშვება კომპანიებს საშუალებას აძლევს, გააუმჯობესონ ლიკვიდობა, გაზარდონ პორტფელი და განავითარონ საქმიანობა. ეს ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზარი ვითარდება. მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულია. წელს გამოშვებულმა კორპორატიული ობლიგაციების ჯამურმა მოცულობამ 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა და წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე განთავსებაა მოსალოდნელი“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.


ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელზეც სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ქართული ბიზნესებისთვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დღესდღეობით, „რიკო ექსპრესი“ მიკროსაფინანსო სექტორის ერთ-ერთი მსხვილი მონაწილეა. 2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, კომპანიის აქტივები 1 მილიარდ ლარს აღწევს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 70 ფილიალს აერთიანებს და მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება.

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს არასაბანკო დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას და ფინანსური ბაზრის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

17 დეკემბერი, 2025

ფოტოგალერეა

10

სხვა სიახლეები