
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, პან გონშენგს შეხვდნენ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, პან გონშენგს შეხვდნენ.
შეხვედრა ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, ცენტრალურ ბანკებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას, ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და იუანის წილის ეტაპობრივ ზრდას საქართველოს სავალუტო რეზერვებში.
„ჩვენ საკმაოდ ხშირი კონტაქტი გვაქვს ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, ძალიან აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები გვაკავშირებს. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ ჩვენი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას, ეტაპობრივად იზრდება იუანის წილი ჩვენს რეზერვებში და საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე იუანში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირებას. აქედან გამომდინარე, გვაქვს საკმაოდ კარგი პროგრესი და მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველი 2025 წლის მარტში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმია. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიმართულებით, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას. მემორანდუმის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საერთაშორისო გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარება და ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების გაძლიერებაა. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ტრანზაქციების ეფექტიანობის ზრდასა და ქართულ ფინანსურ სექტორში ახალი შესაძლებლობების გაჩენას.
16 ოქტომბერი, 2026
ფოტოგალერეა
3