
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ამერიკელ და ბრიტანელ ინვესტორთა დელეგაციას შეხვდნენ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი და ბრიტანელი ინვესტორების დელეგაციას შეხვდნენ.
საერთაშორისო ინვესტორები საქართველოში ეროვნული ბანკის მოწვევით იმყოფებიან. დელეგაცია აერთიანებს ისეთ ცნობილ მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს, როგორებიცაა JPMorgan, Morgan Stanley Investment Management, Aberdeen, MetLife და სხვა.
ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნეს. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მდგრადობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია და ინარჩუნებს ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს. ასევე ისაუბრეს ქვეყანაში კორპორატიული ფასიანი ქაღალდების ზრდისა და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.
სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, გლობალურად შექმნილი არაპროგნოზირებადი ვითარების მიუხედავად, საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის საინტერესოა საინვესტიციო თვალსაზრისით.
„ეროვნული ბანკის მოწვევით, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორების დელეგაცია სტუმრობს, რომელიც მსხვილი გლობალური საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისგან შედგება. ისინი დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტირებით ჩვენი კაპიტალის ბაზრის მეშვეობით. შეხვედრის ფარგლებში გავაცანით საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარება და მიუხედავად გლობალურად შექმნილი არაპროგნოზირებადი ვითარებისა, ხედავენ, რომ ქვეყანა ვითარდება, გვაქვს მართვადი ინფლაცია, მდგრადი მაჩვენებლები, რაც საინვესტიციო თვალსაზრისით, მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.
25 მარტი, 2026
ფოტოგალერეა
6