
ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, ფინანსური ინოვაციების განვითარებასთან ერთად შევქმნათ უფრო ეფექტიანი და ურთიერთთავსებადი საგადახდო გარემო
„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პანელურ დისკუსიაში - „ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის“ მიიღო მონაწილეობა. განხილვის მთავარი თემები გლობალური შოკების პირობებში მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ციფრული ფინანსების განვითარება და რეგიონული ფინანსური ინტეგრაციის გაღრმავება იყო.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა 2027 წლისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითად პრიორიტეტებზე, მათ შორის ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის შენარჩუნებაზე, საერთაშორისო სარეზერვო ბუფერების გაძლიერებასა და დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელებაზე. მისი განცხადებით, მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რისკების დროულ შეფასებას, თანმიმდევრულ პოლიტიკასა და ფინანსური სისტემის მდგრადობის გაძლიერებას.
პანელზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, ფინტექ-ეკოსისტემის განვითარებასა და ციფრული ფინანსების მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწას. ნათია თურნავამ ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ რეფორმებთან ერთად სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრა, მათ შორის მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვასა და საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებაზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონულ ცენტრალურ ბანკებს შორის მარეგულირებელი თანამშრომლობის მნიშვნელობასაც. მისი შეფასებით, მზარდი სავაჭრო და ფინანსური კავშირების ფონზე, ტრანსსასაზღვრო გადახდების გამარტივება, ინფორმაციის დროული გაცვლა და საზედამხედველო ჩარჩოების დაახლოება ხელს შეუწყობს რეგიონის ფინანსურ მდგრადობასა და კონკურენტუნარიანობას.
„მდგრადობა შოკების რეალიზებამდე უნდა აშენდეს. საქართველოს მსგავსი მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის სანდო პოლიტიკასა და ადეკვატურ ბუფერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამასთან, ჩვენი მიზანია, ფინანსური ინოვაციების განვითარებასთან ერთად შევქმნათ უფრო ეფექტიანი და ურთიერთთავსებადი საგადახდო გარემო, ხოლო რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხელი შევუწყოთ ეკონომიკური და ფინანსური კავშირების გაღრმავებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
პანელურ დისკუსიაში „ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის“, ნათია თურნავასთან ერთად ალბანეთის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ყაზახეთისა და ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პანელურ დისკუსიას მოდერატორობას უწევდა - გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი სოპნენდუ მოჰანტი.
„თბილისის ფინანსური სამიტი“ 27-28 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება.
27 ოქტომბერი, 2026
ფოტოგალერეა
4