ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

16 აპრილი, 2026

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ თავის არაბ კოლეგას საქართველოს ფინანსური და საბანკო სექტორის მიღწევები და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები გააცნო.

ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის პირველმა პირებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს საზედამხედველო მიდგომებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

ნათია თურნავამ ხალიდ მოჰამედ ბალამას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სებ-ის მიერ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის მასშტაბურ განახლებაზე, რაც ქვეყნის ფინანსური ტრანზაქციების საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს. აღნიშნული განახლება მიზნად ისახავს RTGS სისტემის ეფექტიანობისა და გამტარუნარიანობის ზრდას, რაც ბიზნესებს შორის (B2B) ტრანზაქციების უფრო სწრაფ და საიმედო დამუშავებას უზრუნველყოფს.

როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეროვნული ბანკი ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა ინოვაციური საგადახდო მომსახურების განვითარებას. მათ შორისაა მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) შემუშავება.

საუბარი ასევე შეეხო ფინანსური ტექნოლოგიებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების განვითარებას საქართველოში და ამ მიმართულებით სებ-ის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნულ ბანკებს შორის ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე.

16 აპრილი, 2026

ფოტოგალერეა

3

სხვა სიახლეები