
მსოფლიო დაზოგვის დღე საქართველოში წელს პირველად აღინიშნება
დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული 31 ოქტობერს, საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართული პრესკონფერენციით დაიწყო და 8 ნოემბერს - ბანკირის დღეს დასრულდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქართული კომერციული ბანკები, შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ბანკების ასოციაცია და საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრი.
„საქართველოს საბანკო სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და განვითარებული სფეროა. ყოველწლიურად იზრდება დეპოზიტების საერთო მოცულობა და წელს ამ მაჩვენებელმა 8 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მონაცემი ბანკებისადმი მოქალაქეების მაღალ ნდობაზე მიუთითებს. თუმცა ამ თვალსაზრისით პოტენციალი გაცილებით დიდია, ამიტომ საქართველოს ეროვნული ბანკი მოხარულია ამ პროექტში მონაწილეობით, ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ და წავახალისებთ საზოგადოების ფინანსური განათლების ღონისძიებებს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.