კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

30 სექტემბერი, 2010

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, 1.2 პროცენტით, ანუ 69.3 მლნ ლარით გაიზარდა და 5.9 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.7 პროცენტით, ანუ 41.8 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა - 0.6 პროცენტით, ანუ 27.5 მლნ ლარით.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2010 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 681.4 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.3 პროცენტით ანუ 15.5 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.7 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.1 პროცენტით ანუ 2.8 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 48.6 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. წინა თვესთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.0 პროცენტით ანუ 16.5 მლნ ლარით გაიზარდა და 1.6 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.2 პროცენტს შეადგენს, რაც 2010 წლის 1 სექტემბრისათვის 710.8 მლნ ლარით განისაზღვრა (0.5 პროცენტით ანუ 3.8 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 11.1 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 372.2 მლნ ლარია (0.8 პროცენტით ანუ 2.9 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.9 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2010 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.2 პროცენტით ანუ 25.8 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 1 სექტემბრისათვის  2.2 მლრდ ლარს გადააჭარბა.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge

 

სხვა სიახლეები