
კომერციული ბანკების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები
2008 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) 876.9 მლნ ლარით, 12.2 პროცენტით გაიზარდა და 8085.1 მლნ ლარი შეადგინა.
წლის დასაწყისიდან საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები (სააქციო კაპიტალი) 281.8 მლნ ლარით (19.2 პროცენტით) გაიზარდა და 1752.8 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 21.7 პროცენტს (ნაცვლად 20.4 პროცენტისა წლის დასაწყისისათვის) წარმოადგენს. განაღდებული საწესდებო კაპიტალის მოცულობის ზრდამ 93.4 მლნ ლარი, ანუ 20.6 პროცენტი შეადგინა. უცხოური კაპიტალის მონაწილეობით საწესდებო კაპიტალში ბანკების რაოდენობა, წლის დასაწყისთან შედარებით, 12-დან 14 ერთეულამდე გაიზარდა, ხოლო მათი წილი ბანკების საერთო საწესდებო კაპიტალში - 3.9 პროცენტული პუნქტით და 68.1 პროცენტი შეადგინა.
2008 წლის იანვარ-მარტში, მოქმედი ბანკების შემოსავლები 2.1-ჯერ გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 366.5 მლნ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომერციული ბანკების წმინდა მოგების საერთო თანხამ 42.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16.8 მლნ ლარით, 66.3 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების მოცულობის ზრდამ ხელი შეუწყო საპროცენტო შემოსავლების მატებას. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 67.8 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი შემოსავლების 60.7 პროცენტი შეადგინა.
კომერციული ბანკების ხარჯების მთლიანმა მოცულობამ იანვარ-მარტში 314.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2.2-ჯერ მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემზე. ხარჯების ზრდის უდიდესი წილი მოდის როგორც არარეზიდენტი ბანკებიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებულ სესხებზე გადახდილ პროცენტებზე, ასევე რეკლამის, კომუნალურ და საფოსტო ხარჯებზე.
გასულ წელთან შედარებით საბანკო სექტორის აქტივების კონცენტრაციის დონე პრაქტიკულად არ შეცვლილა. უმსხვილესი აქტივების მქონე ხუთი ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 80.4-დან 79.6 პროცენტამდე შემცირდა.
საბანკო სექტორის აქტივების რენტაბელობამ მარტის ბოლოს 2.2 პროცენტი, ხოლო კაპიტალის რენტაბელობამ - 10.2 პროცენტი შეადგინა (ნაცვლად 2.2 და 10.8 პროცენტისა, შესაბამისად, გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის).
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.