კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 5.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა

კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 5.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა

30 მაისი, 2008

2008 წლის აპრილის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტება 2.0 მლრდ ლარით (63.7 პროცენტი) გაიზარდა და 5.1 მლრდ ლარს გადაამეტა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.2-ჯერ გაიზარდა და 1.7 მლრდ ლარს აღემატება, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდა 44.0 პროცენტით განისაზღვრა და 3.4 მლრდ ლარს გაუტოლდა. ამასთან, იმავე პერიოდში, სესხების სტრუქტურა, ეროვნული და უცხოური ვალუტების მიხედვით, მნიშვნელოვნად შეიცვალა და, შესაბამისად, 34 და 66 პროცენტი შეადგინა (ნაცვლად 25 და 75 პროცენტისა).

უკანასკნელ ერთ წელიწადში წინმსწრები ტემპით იზრდებოდა გრძელვადიანი სესხების მოცულობა (64.6 პროცენტით, 61.8 პროცენტთან შედარებით მოკლევადიანი სესხების მიხედვით) და ამ მაჩვენებელმა ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების საერთო ოდენობაში 68.9 პროცენტი შეადგინა, გასული წლის აპრილის ბოლოს დაფიქსირებული 68.5 პროცენტის ნაცვლად.

რაც შეეხება სესხების სტრუქტურას, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2008 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 924.4 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.0-ჯერ მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 2.2 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27.1 პროცენტით მეტი) ოდენობის სესხი.

საანგარიშო პერიოდში დაკრედიტების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას ჰქონდა ადგილი სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორში, სადაც ეს მაჩვენებელი 2.0-ჯერ გაიზარდა და 51.1 მლნ ლარი შეადგინა; 1.6-ჯერ მოიმატა დაკრედიტების მოცულობამ განათლების სექტორში და 9.3 მლნ ლარს გაუტოლდა. თუმცა, ამ დარგების წილი სესხების საერთო მოცულობაში კვლავ მცირეა და, შესაბამისად, 1.6 და 0.3 პროცენტის დონეზე რჩება.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი უკავია ვაჭრობის სფეროს - 47.4 პროცენტის ოდენობით. უკანასკნელ ერთ წელიწადში ამ სექტორში სესხების მოცულობა 44.8 პროცენტით გაიზარდა და 1.5 მლრდ ლარს მიაღწია.

მრეწველობისათვის გაცემულმა სესხებმა იურიდიული პირების დაკრედიტების მოცულობაში 19.2 პროცენტი შეადგენა, რაც 2008 წლის პირველი მაისისათვის 599.6 მლნ ლარით განისაზღვრებოდა (39.6 პროცენტით მეტი 2007 წლის ანალოგიურ თარიღთან შედარებით); 13.4 პროცენტი მშენებლობის სექტორისათვის გაიცა, რაც 417.3 მლნ ლარს უტოლდება (შესაბამისად, 61.0 პროცენტით მეტი). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.0 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად - 2.1-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2008 წლის პირველი მაისისათვის 2.0 მლრდ ლარს მიაღწია, რაც ინდივიდუალური მეწარმეობის გააქტიურებაზე მიუთითებს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სხვა სიახლეები