
გიორგი ქადაგიძემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციის - "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" მუშაობაში. პანელზე „ეკონომიკური და ენერგო სტრატეგია“, გიორგი ქადაგიძემ ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
„21-ე საუკუნეში ერთადერთი რესურსი არის განათლებული და თავისუფალი სამუშაო ძალა - ადამიანი. რომ დავუბრუნდეთ იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ, მინდა მარტივი ჭეშმარიტება გავიმეორო - თუ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია არ განხორციელდება განათლების სფეროში, თუ არ შევეცდებით და არ ავამაღლებთ ჩვენი მუშა ხელის კვალიფიკაციას, თუ არ წავალთ ეკონომიკის პოლიტიკის შეცვლისკენ, ძალიან ძნელი იქნება თანამედროვე სამყაროში კონკურენციის გაწევა. ჩვენ უნდა გავხდეთ კონკურენტუნარიანები როგორც ქვეყანა. 21-ე საუკუნის გლობალიზებულ სამყაროში ან ხარ დიდი გლობალიზებული, დიდი თანამედროვე საზოგადოების წევრი, ან ხარ სადღაც სხვაგან“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
„საქართველოს ეკონომიკა ძალიან დოლარიზებულია. მოსახლეობის 60 პროცენტს სესხები უცხოურ ვალუტაში აქვთ, ხოლო შემოსავალი ადგილობრივ ვალუტაში. გაუფასურებას სესხის ტვირთის ზრდა და ყველაფერს სოციალური პრობლემები დაერთო. რეალობაში, ერთადერთი გრძელვადიანი გადაწყვეტილება ქვეყანაში კვლავ შემოსავლის ნაკადების დაბრუნება იქნება. ისეთი პატარა ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, თითქმის შეუძლებელია ხელოვნურად გაცვლითი კურსის გამყარება. ეს ვერ შეძლეს რესურსებით მდიდარმა ისეთმა ქვეყნებმა როგორიც აზერბაიჯანი და ყაზახეთია. თუ დავიწყებთ ამას, ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზრის წესების საწინააღმდეგოდ მივდივართ და ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლებელია“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.