ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი რუსეთის ცენტრალურ ბანკში სპეციალური დავალებით გაემგზავრა

ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი რუსეთის ცენტრალურ ბანკში სპეციალური დავალებით გაემგზავრა

18 ოქტომბერი, 2005
  აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ საფინანსო სტრუქტურებთან რუსული ბანკების უკანონო თანამშრომლობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილა რუსეთის ცენტრალურ ბანკის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო და არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქადაგიძემ. იგი მოსკოვში საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის სპეციალური დავალებით გაემგზავრა, რათა რუსეთის ცენტრალური ბანკის წინაშე აფხაზეთში რუსეთის კომერციული ბანკების მიერ უკანონო საქმიანობის აღკვეთისა და „შავი ფულის“ გათეთრების ფაქტების თავიდან აცილების საკითხები დააყენოს.   გიორგი ქადაგიძე შეხვდა რუსეთის ცენტრალური ბანკის საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორს ალექსეი სიმანოვსკის.   რუსეთისა და საქართველოს საბანკო სისტემებს შორის შექმნილი პრობლემატური ვითარების სესახებ ქადაგიძე ასევე ესაუბრა რუსეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს. ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოს მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია ცნობად მიიღეს და ქართულ მხარეს საკითხის დეტალურად შესწავლა აღუთქვეს.   საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის დავალებით გიორგი ქადაგიძემ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ მიმართა და შეახსენა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა თავისი იურისდიქციის განხორციელება და საბანკო საქმიანობის რეგულირება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამდენად, რუსული ბანკების არაკანონიერი თანამშრომლობა აფხაზეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებად საბანკო დაწესებულებებთან, ნებისმიერი ფორმით, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ცენტრალური ბანკი არ მიიღებს შესაბამის ზომებს, ქართული მხარე FATF-ს (ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფი)  მიმართავს სათანადო განცხადებით, რამაც რუსეთის რეპუტაციას საერთაშორისო საბანკო წრეებში შესაძლოა  საფრთხე შეუქმნას.   უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან ბრძოლის საქმეში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საერთაშორისო ორგანიზაცია FATF-ი, რომელიც 1989 წლის ივლისში ჩამოყალიბდა დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების პარიზის ეკონომიკურ სამიტზე ( ორგანიზაცია აერთიანებს 26 წევრ სახელმწიფოს და ორ საერთაშორისო ორგანიზაციას) და მის ძირითად მიზნად, ზემოხსენებული კონვენციის მსგავსად, ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლა განისაზღვრება. სწორედ ამ ორგანიზაციამ შეიმუშავა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ორმოცი რეკომენდაცია. სხვა რეკომენდაციების მსგავსად, მათი მიზანია FATF-ის წევრმა ქვეყნებმა დანერგონ და მოარგონ უკვე შემუშავებულ რეკომენდაციებს ეროვნული კანონმდებლობები. ეს განსაკუთრებით ეხება საბანკო, სისხლის სამართლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს.
სხვა სიახლეები