ეროვნული ბანკი საბროკერო კომპანიებს  რეგულირების ლაბორატორიის ტოკენიზებული ბონდების პროექტში მონაწილეობას სთავაზობს

ეროვნული ბანკი საბროკერო კომპანიებს  რეგულირების ლაბორატორიის ტოკენიზებული ბონდების პროექტში მონაწილეობას სთავაზობს

16 აპრილი, 2026

საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს ფინტექ ინოვაციების მხარდაჭერას და წარადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს თანამედროვე, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფინანსური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით.

ეროვნული ბანკი მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საბროკერო კომპანიებს რეგულირების ლაბორატორიის ტოკენიზებული ბონდების პროექტში მონაწილეობას სთავაზობს.

პროექტი მიზანად ისახავს, ბონდების გამოშვების, აღრიცხვისა და ვაჭრობის ინოვაციური მოდელების ტესტირებას ციფრული ერთეულების - ტოკენების გამოყენებით. ასევე, შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებაში დაინტერესებულ პირთა აქტიურ ჩართულობას.

ტოკენიზებული ბონდები ტრადიციული ბონდების ციფრულ ანალოგია, სადაც ემიტენტის მიერ გამოშვებული ვალდებულებები წარმოდგენილია პროგრამირებადი ტოკენების სახით. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ბონდების უფრო ეფექტიან განთავსებას, ავტომატიზებულ მომსახურებასა და კაპიტალის ბაზრის გაღრმავებას.


აღნიშნული პროექტი პოტენციურად ხელს შეუწყობს:

  • ფინანსური ინსტრუმენტების განვითარებას
  • ინვესტირების პროცესის გამარტივებას
  • ლიკვიდურობის ზრდას
  • ტრანზაქციების ხარჯების შემცირებას
  • ფინანსური ეკოსისტემის დივერსიფიკაციას


ტოკენიზებული ბონდების მოდელი მიმზიდველი შეიძლება იყოს როგორც კორპორატიული ემიტენტებისთვის, ასევე მცირე და საშუალო ინვესტორებისთვის, რადგან იგი ზრდის წვდომას ბაზარზე და საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

დაინტერესებულ სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ ეროვნულ ბანკს ელექტრონულად წარუდგინონ, კანონის შესაბამისად, ტოკენიზებული ბონდების გამოშვების საკუთარი სქემები. აღნიშნულ სქემებს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად განიხილავს.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგულირების ლაბორატორიის პროექტში ჩასართავად უნდა მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს - innovationoffice@nbg.gov.ge


მოცემული ინიციატივა არ უნდა იქნას აღქმული კონკრეტული სუბიექტისთვის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის, აღიარების ან ავტორიზაციის დაპირებად, ან/და
კონკრეტული მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნის წინასწარ ვალდებულებად.

სხვა სიახლეები