
ეროვნული ბანკი მეწარმეთა ფინანსური განათლების მიზნით ტრენერთა გადამზადებას განაგრძობს
მიკრო და მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების პროგრამის ფარგლებში, მეწარმეების ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებისა და ქვეყანაში მეწარმეთა ხელშეწყობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის დაინტერესებული ორგანიზაციების ტრენერების გადამზადებას განაგრძობს.
საქართველოს ეროვნულ ბანკში ტრენერთა ტრენინგის გავლის შემდეგ, ტრენერები შეძლებენ დამოუკიდებლად ჩაატარონ ტრენინგი ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და ფინანსური გადაწყვეტილებების შესახებ ნებისმიერ სფეროში დასაქმებული მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის; ბენეფიციარებთან ერთად განიხილონ საკვანძო საკითხები რეალურ მაგალითებსა და პრაქტიკულ რჩევებზე დაყრდნობით; და დაეხმარონ მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შეფასებაში ძირითადი ინდიკატორების გამოთვლისა და დამხმარე ინსტრუმენტების - კალკულატორებისა და ფინანსური უწყისების - გამოყენების გზით.