ენციკლოპედიურმა გამოცემამ „ფული საქართველოში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუზეუმში მოწონება დაიმსახურა
02 თებერვალი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცემამ „ფული საქართველოში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდში მოწონება დაიმსახურა. „აღფრთოვანებული ვარ ბრწინვალე წიგნის „ფული საქართველოში“ ხილვით. ეს წიგნი საქართველოს შესანიშნავი, მდიდარი და უძველესი ისტორიის გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა“, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის საზოგადოებრივი ურთიერთიერთობათა განყოფილების უფროსის კეტლინ უაითის მიერ გამოგზავნილ წერილში.
წიგნი „ფული საქართველოში“ ეროვნულმა ბანკმა ახლახანს გააგზავნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვიზიტორთა ცენტრში, სადაც სავალუტო ფონდის სტუმრებს საშუალება აქვთ, უკეთ შეიტყონ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობის შესახებ და მის როლზე გლობალურ ეკონომიკაში. ვიზიტორთა ცენტრი, ამავდროულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფულის მუზეუმს წარმოადგენს. მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილი საექსპოზიციო სტენდები ცენტრის სტუმრებს მსოფლიოში ფულის მიმოქცევის ისტორიას აცნობს.
ენციკლოპედიურ გამოცემაში „ფული საქართველოში“ ასახულია საქართველოში ფულის მიმოქცევის ოცდახუთსაუკუნოვანი ისტორია. აღნიშნული წიგნი არა მარტო ასახავს ქართული ფულის ეროვნულ მემკვიდრეობას, ასევე სრულფასოვან ინფორმაციას მიაწვდის ნუმიზმატიკითა და ბონისტიკით დაინტერესებულ პირებს ფულის მიმოქცევის ეროვნული მიღწევების შესახებ. წიგნში ასახულია საქართველოში მოჭრილი პრაქტიკულად ყველა სამონეტო ტიპი, რომელიც ოდესმე ყოფილა მიმოქცევაში საქართველოს ტერიტორიაზე. ფული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტია და ფულის ისტორიული განვითარების პერიპეტიები ამა თუ იმ ქვეყანაში ასახავს არა მარტო ქვეყნის ეკონომიკის დონეს, არამედ მის პოლიტიკურ მდგომარეობასა და საგარეო ორიენტაციას. ამდენად, ფულის ისტორია გარკვეული თვალსაზრისით ერის ისტორიაა.