
ეკატერინე მიქაბაძემ სსფ-ის და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში კავკასიისა და ცენტრალური აზიის მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ კავკასიისა და ცენტრალური აზიის (CCA) მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა რეგიონის ეკონომიკებზე გლობალური მოვლენების გავლენა, მათთან დაკავშირებული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გეოპოლიტიკური დაძაბულობის, ენერგეტიკულ ბაზრებსა და საჰაერო ტრანსპორტის სექტორში არსებული შეფერხებების გავლენას ინფლაციაზე, ეკონომიკურ აქტივობასა და საგარეო სექტორზე.
ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოს გამოცდილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გლობალური შოკების გავლენა ქვეყანაში ძირითადად ინფლაციის არხით გამოიკვეთა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მთავარ ამოცანად ინფლაციური მოლოდინების სტაბილურ დონეზე შენარჩუნება და იმის შეფასება რჩება, რამდენად შეიძლება პირველადი ეფექტები საბაზო და მომსახურების ინფლაციაზე აისახოს.
„აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს და ყურადღებით აკვირდება გლობალური შოკების გავლენას ინფლაციურ პროცესებზე. ამასთან, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გადაწყვეტილებები ინფლაციის დინამიკისა და ინფლაციურ მოლოდინებზე შესაძლო გავლენის შეფასების საფუძველზე მიიღება“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
საქართველოს საგარეო პოზიციის გაძლიერებაზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებასა და საერთაშორისო რეზერვების ზრდაზე. ეკატერინე მიქაბაძემ გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ 2026 წლის სექტემბერში საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ დონეს - დაახლოებით 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ქვეყნის საგარეო ბუფერებს აძლიერებს და საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობას ამცირებს.
სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განხორციელებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებამ და ექსპორტზე ორიენტირებული, მაღალი პროდუქტიულობის სექტორების განვითარებამ ეკონომიკის მდგრადობა გააძლიერა. ამასთან, მომსახურების ექსპორტის დივერსიფიკაცია სექტორებისა და გეოგრაფიული ბაზრების მიხედვით გლობალური შოკების გავლენის შერბილებას უწყობს ხელს.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში კავკასიისა და ცენტრალური აზიის მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილულმა საკითხებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ეკონომიკის დივერსიფიკაციის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ძლიერი საგარეო ბუფერების მნიშვნელობა გლობალური გაურკვევლობის პირობებში“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.