ეკატერინე გალდავა Swift-ის საგადახდო ფორუმზე მომხსენებლად წარდგა

ეკატერინე გალდავა Swift-ის საგადახდო ფორუმზე მომხსენებლად წარდგა

17 სექტემბერი, 2026

თბილისში საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით Swift-ის საგადახდო ფორუმი - კავკასია და თურქეთი გაიმართა, რომელიც რეგიონში საგადახდო სისტემების განვითარებას, ტრანსსასაზღვრო გადახდების გაუმჯობესებასა და ფინანსური ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას მიეძღვნა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს საგადახდო სისტემების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მიდგომა თანმიმდევრულია - ჯერ ძლიერი შიდა ინფრასტრუქტურის შექმნა, შემდეგ კი ტრანსსასაზღვრო დაკავშირებადობისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით სამი ძირითადი ნაბიჯი გამოიკვეთა. პირველი შიდა საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაა - მიმდინარე წლის მაისში ეროვნულმა ბანკმა წარმატებით აამოქმედა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და ქლირინგის ახალი სისტემები, რომლებიც ISO 20022 საერთაშორისო სტანდარტს ეფუძნება და საქართველოში გადახდებისთვის თანამედროვე და მდგრად საფუძველს ქმნის. მეორე ნაბიჯი მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაა, რომელიც უკვე მოწინავე ეტაპზეა და რომელიც 24/7 რეჟიმში მყისიერ გადახდებს უზრუნველყოფს. მესამე მიმართულება კი რეგიონული თანამშრომლობაა - მიმდინარეობს დიალოგი რეგიონის ცენტრალურ ბანკებთან და პარტნიორებთან სტანდარტებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურების დაახლოების შესახებ.

„როგორც RTGS და ქლირინგის ახალი სისტემები, ისე მყისიერი გადახდების სისტემა ISO 20022 სტანდარტს ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმნით ინფრასტრუქტურას არა მხოლოდ შიდა საჭიროებებისთვის, არამედ სამომავლო ურთიერთთავსებადობის გათვალისწინებით. საბოლოო მიზანი მარტივია - ტრანსსასაზღვრო გადახდები უფრო გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და სწრაფი უნდა გახდეს, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მზარდ ეკონომიკურ კავშირებს“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ურთიერთთავსებადობა მხოლოდ ტექნიკური საკითხი არაა და ამ პროცესში ცენტრალურ ბანკებთან ერთად კომერციული ბანკები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ფინტექ კომპანიები და ინფრასტრუქტურის მიმწოდებლები უნდა იყვნენ ჩართული.

ეკატერინე გალდავამ ასევე ისაუბრა შუა დერეფნის განვითარების ფონზე საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, როლზე და აღნიშნა, რომ ფინანსური ინფრასტრუქტურა სატრანსპორტო, სავაჭრო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურასთან ერთად უნდა ვითარდებოდეს.

ღონისძიებას, სახელწოდებით „კავკასიასა და თურქეთში საგადახდო სფეროს მომავლის ფორმირება“, დაესწრნენ პოლიტიკის შემქმნელები, ცენტრალური ბანკების, ფინანსური სექტორისა და საერთაშორისო საგადახდო ინდუსტრიის წარმომადგენლები. მონაწილეებმა განიხილეს გლობალური ფინანსური სისტემის ფრაგმენტაციის გამოწვევები, საგადახდო ინფრასტრუქტურის განახლების მიმდინარე პროცესები და რეგიონული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.

სხვა სიახლეები