„ექსპო-ჯორჯია“ გიწვევთ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
15 ივნისი, 2007
14 ივნისს თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიხსნა ყოველწლიური წიგნის საერთაშორისო რიგით IX ფესტივალი, რომლის ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
საქართველოს ეროვნული ბანკი წელს პირველად მონაწილეობს ამ ფესტივალზე. ბანკის გამოცემათა ექსპოზიცია მე-11 პავილიონში დამთვალიერებელს სთავაზობს ოფიციალურ გამოცემებს: ყოველთვიურ „მონეტარულ და ფისკალურ მიმოხილვას“, „მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენს”, „საქართველოს ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს“, „ინფლაციის მიმოხილვას”, 2006 წელს პირველად გამოცემულ „ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს”, რომელსაც მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ცენტრალური ბანკი აქვეყნებს, „საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიას 2006-2009 წლებისათვის“, საცნობარო ლიტერატურის სერიიდან ბროშურებს – „საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპები“, „შიდა აუდიტი საქართველოს ეროვნულ ბანკში“, „საგადამხდელო სისტემების ძირითადი პრინციპები“.
სწორედ მე-11 პავილიონში დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა გაეცნოს ნუმიზმატიკურ პროდუქციას – სამახსოვრო, საიუბილეო და საინვესტიციო მონეტებს, ენციკლოპედიურ გამოცემას – „ფული საქართველოში“ და სხვა აქციდენციურ ბეჭდვით პროდუქციას.
წიგნის გამოფენაზე შეხვდებით სხვადასხვა ენებზე დაწერილ, უახლეს პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებულ საინტერესო მხატვრულსა და სამეცნიერო, ენციკლოპედიურ ლიტერატურას, ხელოვნების სხვადასხვა დარგების ილუსტრირებულ ალბომებს...
ფესტივალი 17 ივნისამდე გასტანს.