კობა გვენეტაძემ ციფრული ლარის სამომავლო პერსპექტივებზე საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა
4-5 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით და მსოფლიო ბანკის ჩართულობით, სასტუმრო "სტამბაში" ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა (CBDC) და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.
ორდღიანი შეხვედრის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგს კერძო და საჯარო დაინტერესებულ მხარეებს შორის ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა და დეცენტრალიზებული ფინანსების საკითხებზე. დიალოგი კარგი შესაძლებლობაა მოახდინოს დაინტერესებული მხარეების გათვითცნობიერება ციფრული და ტექნოლოგიური ფინანსების შესახებ, რომელიც ასევე განაპირობებს ციფრული ლარის იმ უპირატესობების წარმოჩენას, როგორიცაა უფრო სწრაფი, ნაკლებად ძვირი და უფრო უსაფრთხო ტრანზაქციები ბიზნესისა და ფიზიკური პირებისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ CBDC & DeFi კონფერენციაზე ციფრული ლარის განვითარების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ განხორცილებულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
"ბოლო ორი წელია, ვატარებთ ყოვლისმომცველ კვლევას ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის კონცეფციისა და დეცენტრალიზებული ფინანსების მზარდი დიაპაზონის შესახებ. ფინანსური სისტემა უკვე გარდაქმნის პროცესშია, დეცენტრალიზებული ფინანსების ზრდა კი ევოლუციის შემდგომი საფეხურებისკენ გვიბიძგებს. ფინანსების თანამედროვე ეპოქაში ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო პოლიტიკა უნდა გააფართოვოს და ახალი სფეროები მოიცვას. ეს საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცვას, შექმნის გაწონასწორებულ ფინანსურ სისტემას, გააღრმავებს კონკურენციას და ჯანსაღ ციფრულ ფინანსურ გარემოს შექმნის. უფრო მეტიც, ჩვენი მიზანი CBDC-ის კიდევ უფრო გაფართოებაა. საუბარია არა მხოლოდ გადახდის კიდევ ერთი მეთოდის დანერგვაზე, არამედ იმ ამბიციაზე, რომ მხარი დავუჭიროთ ისეთი ეკოსისტემის განვითარებას, სადაც დეცენტრალიზებული და ცენტრალიზებული ფინანსები ერთმანეთს ხვდება და თანაარსებობს ქართული ფინანსური სისტემის მომხმარებლების სასარგებლოდ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, პიტერ ვიბლერი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლენიუსი. ასევე, საერთაშორისო საფინანსო და დონორული ორგანიზაციების, კომერციული ბანკების, ფინტექ კომპანიების, ბიზნეს ასოციაციების და საფინანსო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორების წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.
04 მაისი, 2022
ფოტოგალერეა
6