ეროვნულმა ბანკმა სს "ჰეშ ბანკზე" ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, სს "ჰეშ ბანკზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა.
სებ-ის 2024 წლის 20 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით, ციფრულ ბანკს უფლება აქვს რეალურ გარემოში განახორციელოს "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობები ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებები.
სს "ჰეშ ბანკის" ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს განახორციელოს საბანკო სერვისების მიწოდება ძირითადად ელექტრონული არხებით. ბანკი მიზნად ისახავს ციფრულ სტრატეგიაზე გადასასვლელად განაწყოს ბაზრის როგორც ტრადიციული, ასევე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომხმარებელი.
საქართველოში ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის შესაბამისი ვადა განისაზღვრება.
სს "ჰეშ ბანკი" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან ( 03.11.2023) 10 თვისა და 17 დღის მანძილზე სატესტო რეჟიმში მუშაობდა და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ქონდა.
სს "ჰეშ ბანკისთვის" საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამოსილების წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობების ცვლილება ხდება ეტაპობრივად, შესრულებული სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე.
თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.
განახლებული - 25.09.2024.