ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ეროვნული ბანკი სამი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე:
1. მეფე ვახტანგ I გორგასალი 2. მეფე გიორგი V ბრწყინვალე |
სერია "საქართველოს მეფეები“ |
3. ევრობასკეტი 2022 |
მეფე ვახტანგ I გორგასალი და მეფე გიორგი V ბრწყინვალე სერიიდან "საქართველოს მეფეები“
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საკოლექციო სერია "საქართველოს მეფეებისთვის“ შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც ქვეყნის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. სერია წარმოაჩენს ქვეყნის საერთო სოციო-პოლიტიკურ თუ ზოგად კულტურულ-ისტორიულ კონტექსტს, ხაზს უსვამს იმ გამორჩეულ ეტაპებს, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით, ქართული ეროვნული ვალუტა კიდევ ერთხელ უწყობს ხელს ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზებას.
ამ ეტაპზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო მუშაობა მეფე ვახტანგ I გორგასლისა და გიორგი V ბრწყინვალეს თემებზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების გამოსაშვებად და აცხადებს ესკიზების შესარჩევ კონკურსს.
საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ევრობასკეტი 2022
2022 წლის ევროპის ჩემპიონატი - EUROBASKET 2022 უმაღლესი საკალათბურთო ღონისძიებააა, როგორც მონაწილე ქვეყნების სპორტული მიღწევების თვალსაზრისით, ასევე, ქვეყნის, როგორც მასპინძლისა და ორგანიზატორის საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსის კუთხით. საქართველომ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის - EUROBASKET 2022 მასპინძლობის უფლება 2019 წელს მოიპოვა. იტალიის (მილანი), გერმანიის (კიოლნი, ბერლინი) და ჩეხეთის (პრაღა) ქვეყნებთან ერთად. საქართველოსთვის (თბილისი) ღონისძიების ჩატარების უფლება, ჩვენი ქვეყნის მიმართ, ევროპის სპორტული და არამარტო სპორტული საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოხატულებაა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, თბილისი 2022 წლის სექტემბერში, გახდება მსოფლიო ყურადღების ცენტრი ისეთი გუნდების მასპინძლობით, როგორებიცაა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და საკალათბურთო რეიტინგის მოწინავე ნაკრები გუნდები (ესპანეთი, თურქეთი, ბელგია, რუსეთი, ბულგარეთი), ევრობასკეტ 2022-ის ფარგლებში თბილისს ეწვევიან ამ ქვეყნების უმაღლესი რანგისა და მნიშვნელობის სტუმრები და გულშემატკივრები, რაც ჩვენი ქვეყნის სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ქართულ კალათბურთს, რომელიც 1922 წლიდან დღემდე არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას ითვლის, 2022 წელს 100 წელი უსრულდება. ევრობასკეტ 2022 -ის მასპინძლობას სპორტის ეს სახეობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაჰყავს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება "ევრობასკეტი 2022-ის“ თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის გამოშვების და აცხადებს შესაბამისი დიზაინის ესკიზის შესარჩევ კონკურსს.
ამ თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.