სს „მისო ინვესტ ჯორჯია“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404869576) დაჯარიმების თაობაზე

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:
    1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 4,000 (ოთხი ათასი) ლარი;
    2.მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 2 (ორი) კლიენტთან მიმართებაში არ არის განხორციელებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ზომა, კერძოდ, არ განხორციელებულა საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის დადგენა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებებით. დარღვევის 2 (ორი) შემთხვევისათვის, სულ - 4,000 (ოთხი ათასი) ლარი;
    3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის 3 (კლიენტს) კლიენტთან მიმართებით რისკის დონის მინიჭება/გადაფასება განხორციელებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში ითვალისწინებს დაჯარიმებას – 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. სულ - 9,000 (ცხრა ათასი) ლარი;
    საერთო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „მისო ინვესტ ჯორჯია“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404869576) დაჯარიმდა 17,000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარის ოდენობით.