სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალფა ექსპრესის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202340984) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, შემოწმების პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 (სამი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ ჯამში 6,000 (ექვსი ათასი) ლარი;

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებაში არ არის განხორციელებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებული პრევენციული ზომა, კერძოდ, არ განხორციელებულა საქმიანობის არსის დადგენა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სულ - 2,000 (ორი ათასი) ლარი;

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებაში დაირღვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ არ განახორციელა კანონმდებლობის შესაბამისად ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებაში, სულ - 3,000 (სამი ათასი) ლარი;

    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 05 ივლისის №766-1კ განკარგულების საფუძველზე განხორციელებული შემოწმების შედეგად, 2023 წლის 25 აგვისტოს №862-1კ წერილით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის 1 (ერთი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 7,000 (შვიდი ათასი) ლარით თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე, სულ - 7,000 (შვიდი ათასი) ლარი.

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 18,000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით.