შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კროს კრედიტი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405185375) დაჯარიმების თაობაზე
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:
1 (ერთი) კლიენტთან მიმართებაში დაირღვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, არ განხორციელებულა კანონმდებლობის შესაბამისად ხელმძღვანელობისგან კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების შესახებ ნებართვის მიღება, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში „ჯარიმის წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. ხსენებული დარღვევის ერთი შემთხვევისათვის, სულ 2,000 (ორი ათასი) ლარი;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებით რისკის დონის მინიჭება/გადაფასება განხორციელებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ხსენებული დარღვევის ერთი შემთხვევისათვის, სულ 3,000 (სამი ათასი) ლარი;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ 2024 წლის 15 მარტის №62/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 1 (ერთი) შემთხვევა რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 1 (ერთი) შემთხვევისათვის, სულ 1,000 (ათასი) ლარი.
საერთო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 6,000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.