ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი.მ. „გენადი ქართველიშვილი“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 01002010737) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება

    განხორციელდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტ ი.მ. „გენადი ქართველიშვილი“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 01002010737) დაჯარიმება ჯამში 35,000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ:

    „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანების მე-4 მუხლით, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის შევსებული ფორმა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ვალუტის გადამცვლელ პუნქტად საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია განხორციელდა 2019 წლის 25 იანვარს. მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებისა, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა პირველადი აღრიცხვის ფორმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგინა დაგვიანებით, 2019 წლის 11 თებერვალს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული დარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

    ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის 10 (ათი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

    „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 1 (ერთი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 2 000 (ორი ათასი) ლარი;

    2 კლიენტთან მიმართებაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად არ განხორციელებულა ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 6 000 (ექვსი ათასი) ლარი;

    ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღრიცხვისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის 10 (ათი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 5,000 (ხუთი ათასი) ლარი.