კომერციული ბანკის ს.ს. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“-სთვის (ს/ნ 202906427) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    2021 წლის 13 სექტემბრიდან 2021 წლის 28 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებული შემოწმების შედეგად, განხორციელდა კომერციული ბანკის ს.ს. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“-ს (ს/ნ 202906427) დაჯარიმება 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:

     

    1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში - „დებულება“) მე-6 მუხლის 21-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და 61 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის 4 (ოთხი) შემთხვევის გამო (ბანკის მიერ დაირღვა კლიენტის ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის დადგენის მოთხოვნა);
    2. 1 (ერთი) კლიენტის შემთხვევაში კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე რისკის მინიჭების გამო;
    3. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 (სამი) შემთხვევის გამო;
    4. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკურად აქტიური პირის ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დადგენის მიზნით გონივრული ზომების მიღებისა და საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგის გატარების მოთხოვნის დარღვევის 2 (ორი) შემთხვევის გამო;
    5. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის მოთხოვნის დარღვევის 1 (ერთი) შემთხვევის გამო.