სხვა მოთხოვნები

    ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნები


    ლევერიჯის კოეფიციენტი წარმოადგენს მარტივ მაჩვენებელს და გამოიყენება რისკებზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შემავსებლად. მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის განსაზღვრის მიზანია საბანკო სექტორში ჭარბი ლევერიჯის დაგროვების თავიდან არიდება.


    ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ლევერიჯის კოეფიციენტი ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ "საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის" მიერ განსაზღვრულ ჩარჩოს. ამასთან, ლევერიჯის მინიმალური მოთხოვნა ბაზელის კომიტეტის მოთხოვნისგან განსხვავებით და ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით 5%-ით განისაზღვრა.

     

    პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების მართვა


    საკრედიტო რისკის კონცენტრაციის თავიდან ასარიდებლად და საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის,  მიკრობანკებს დაწესებული აქვთ  ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გასაცემი რისკის პოზიციების მაქსიმალური ოდენობის მოთხოვნები.


    მსხვილ რისკებთან დაკავშირებული მოთხოვნები ეფუძნება "საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის" მიერ განსაზღვრულ ჩარჩოსა და 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული მოთხოვნების შესახებ 575/2013 რეგულაციასა და  2013/36 დირექტივას.

     

    ინტერესთა კონფლიქტის მართვა

    მიკრობანკებისათვის განსაზღვრული "ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება" უზრუნველყოფს ბანკების დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების გაშლილი მკლავის პრინციპით წარმართვას, რაც გულისხმობს  დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ისეთი წესებითა და პირობებით წარმართვას, რომლებიც არაა უფრო შეღავათიანი, ვიდრე არადაკავშირებულ მხარეებთან იმავე ვითარებაში განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციები.


    დებულება ეფუძნება საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის "ეფექტური საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებსა" და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს.

     

    საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვა


    საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის მიზანია საბანკო წიგნში წარმოშობილი საპროცენტო რისკის იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა. საპროცენტო რისკი ასახავს საპროცენტო განაკვეთების ცვლილების გავლენას ბანკის კაპიტალსა და მოგებაზე, რომელიც საბანკო წიგნის პოზიციების გადაფასების შედეგია. საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შედეგად იცვლება მომავალი ფულადი ნაკადების წმინდა ახლანდელი ღირებულება, რაც, თავისთავად ცვლის შესაბამის აქტივებს, ვალდებულებებს, გარესაბალანსო მუხლებსა და მათ ეკონომიკურ ღირებულებას.


    საპროცენტო რისკის გამოთვლა მიკრობანკების მიერ უნდა მოხდეს კაპიტალის ეკონომიკური ღირებულების ცვლილების და წმინდა საპროცენტო შემოსავლის მეთოდის გამოყენებით. მიკრობანკების ეკონომიკური ღირებულების ცვლილება სხვადასხვა შოკისა და სტრესის სცენარების გათვალისწინებით არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 15%-ს.

     

    სხვა მოთხოვნები


    უძრავი ქონების დეველოპერი კომპანიების დაფინანსებისა და დაუსრულებელი/მშენებარე უძრავი ქონების შესაძენად იპოთეკური სესხების გაცემის პრინციპები -დოკუმენტის პირველი ნაწილი ეხება მიკრობანკების მიერ უძრავი ქონების დეველოპერი კომპანიების დაფინანსების პრინციპებს და სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, ხოლო მეორე ნაწილში წარმოდგენილია დაუსრულებელი/მშენებარე უძრავი ქონების შესაძენად იპოთეკური სესხების გაცემის პრინციპები, რომელიც სავალდებულოა ყველა მხარისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ პრინციპების ჩამოყალიბებისა და პრაქტიკაში დანერგვის საჭიროება წლების მანძილზე უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორში არსებულმა გამოწვევებმა და დაკრედიტების მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა.

     

    მიკრობანკებისათვის დაწესებული ყველა სხვა მოთხოვნების ნახვა შესაძლებელია სამართლებრივი აქტების გვერდზე.